„100 ცნობილი ადამიანის აცრის ინიციატივამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოწვია“ - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ისეთმა ინიციატივამ, როგორიცაა „100 ცნობილი ადამიანის აცრა“ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.

„რაც შეეხება 100 ცნობილი ადამიანის აცრის კამპანიას, აქ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ნდობის დაბრუნება და ცნობადი სახეების მიერ პირადი მაგალითის გაზიარება მოქალაქეებისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, როდესაც ეს კამპანია დაანონსდა, მალევე ქვეყანაში შემოვიდა ფაიზერის ვაქცინა.

ფაიზერის ვაქცინაზე აქტივობა არის ძალიან მაღალი, ამიტომ ამ შემთხვევაში 100 ცნობადი ადამიანის ჩართვა, რომელსაც სხვაგვარად ფაიზერის ვაქცინაზე წვდომა არ ექნებოდ,  გამოიწვევდა გარკვეული უსამართლობისა და უთანასწორობის შეგრძნებას. ასევე ფაიზერთან დაკავშირებით პრომოციის აუცილებლობაც არ არსებობდა.

რაც შეეხება ასტრაზენეკას, ამ ვაქცინაზეც უფრო მნიშვნელოვანი და უპრიანია, ის ცნობილი ადამიანები ჩაერთონ პროცესში, ვისაც ისედაც ეკუთვნის. ამიტომ ჩვენ კამპანიაში ჩავრთეთ ის ცნობილი სახეები, ვისაც ეკუთვნოდა ვაქცინა და მათ განაცხადეს თანხმობა საჯაროდ. ამიტომ დამატებით ამის აუცილებლობა აღარ დადგა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკაშირებით, საინფორმაციო კამპანია მიჰყვება ეტაპებს. მიდის მუშაობა ცოდნის გავრცელებაზე და ასევე მზადდება პირადი მაგალითების გაზიარების ვიდეოები იმ ჯგუფებიდან, რომლებსაც ისედაც პრიორიტეტულობის მიხედვით უწევდათ ვაქცინაცია.

„კამპანიის გაძლიერების აუცილებლობა იკვეთება ერთმნიშვნელოვნად. ჩვენ მოგვიწევს დამატებითი ძალისხმევა, რომ კამპანია იყოს ქმედითი, რომ მოქალაქეთა მონაწილეობა ვაქცინაციის პროცესში გაიზარდოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ,