ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, კვლევის „განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19-ის პანდემიის პირობებში” ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც კვლევის ძირითად მიგნებებში ვკითხულობთ, საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. 2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა.
აქვე ნათქვამია, რომ შინამეურნეობებს არ აქვთ საკმარისი კომპიუტერები, რომ ყველა მოსწავლისათვის უზრუნველყონ დისტანციური სწავლება. რაოდენობრივი კვლევის მიხედვით მონაწილეთა მხოლოდ 60% იყენებს პერსონალურ კომპიუტერს სწავლისთვის, ხოლო დანარჩენი რესპონდენტები სხვა ტექნიკას იყენებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ოჯახს არ აქვს პერსონალური კომპიუტერი და ხშირად მრავალშვილიან ოჯახებს არ გააჩნიათ რამდენიმე კომპიუტერი, სხვა ტექნიკური მოწყობილობების გამოყენება ერთადერთი გამოსავალია.
ორგანიზაციის შეფასებით, 100 მლნ. ლარამდეა საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის მისაწოდებლად, რომ მათ დისტანციურ სწავლების პლატფორმასთან ჰქონდეთ წვდომა. „სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობებზე დაყრდნობით, საქართველოში 96,000 სტუდენტი ცხოვრობს სოციალურად დაუცველ ოჯახებში და შეფასებულია, რომ აღნიშნულიდან 78,000-ს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან“, – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.