100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის მდგომარეობა შევისწავლეთ, გასაყიდად გამოვიტანთ - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. 100-ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ  მთავრობამ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარი ჩადო ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლების დასაწყებად.

„მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შესწავლილი იქნა, დამუშავდა განვითარების პოტენციალი.

უნდა აღინიშნოს, რომ სულ ჯამში, საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია.

ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აღნიშნული პოტენციალი. უფრო დეტალურად, რამდენიმე ხანში გვექნება ცალკე პრეზენტაცია. გასაყიდად უნდა გამოვიტანოთ აღნიშნული კურორტები, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტები.

მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ბიუჯეტში ჩავდეთ მინიმუმ 200 მილიონი ლარი, დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას – ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი, ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო- როშკას მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.