დადგეს ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - ქარტია

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს:

“მოვითხოვთ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.  

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ  5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან  ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას”. – ამბობენ ქარტიაში.


ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ლექსო ლაშქარავა სასტიკად სცემეს „სირცხვილიას” ოფისში მოძალადეების შეჭრისას. როგორც ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია იხსენებს: „ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-მეთქი, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ,  20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა”.

ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.