„11 დეკემბერს საჯაროდ დავწერთ განცხადებას, რომ არავინ იღებს საპარლამენტო მასკარადში მონაწილეობას" | ენმ და „ლეიბორისტები" შეხვედრის შემდეგ

პუბლიკა

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 11 დეკემბერს, ოპოზიცია საზოგადოების წინაშე იმ განცხადებებზე მოაწერს ხელს, რითიც დადასტურდება, რომ პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა.

„11 დეკემბერს, ოპოზიცია კიდევ ერთხელ, უკვე საჯაროდ წარსდგება საზოგადოების წინაშე მოკლე დაწერილი განცხადებებით ხელში, დასტურად იმისა, რომ არავინ არ იღებს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო მასკარადში მონაწილეობას. ვინმე თუ არ დაწერს განცხადებას, ამასაც ვიხილავთ. მე ვიმედოვნებ, რომ არ აღმოჩნდება არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც თავისი პარტიის სიით არის გასული პარლამენტში, რომელიც არ დაწერს განცხადებას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ „ლელოს“ ოფისში  იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა მნიშვნელოვან საკითხებზე, თუმცა საბოლოოდ, ოპოზიციური პარტიები 11 დეკემბერს პარლამენტის არალეგიტიმურად ცნობაზე შეთანხმდენ.

„საბოლოო ჯამში, შევთანხმდით 11 დეკემბერს ე.წ. არალეგიტიმური პარლამენტის პარალელურად ოპოზიცია შეიკრიბება, მოაწერს სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს ხელს. არალეგიტიმურად ვცნობთ ამ პარლამენტს და მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ამავე დროს, მოხდება სიების ჩახსნა და მესამე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ინდივიდუალურად მოეწერება ხელი – ის ხალხი, ვინც გახდა ე.წ. გაყალბებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრი, დაწერენ ინდივიდუალურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება“, – აღნიშნა გუგავამ.


საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს, 11 დეკემბერს, 12:00-ზე დაინიშნა.