„11 მეწყრულ ლოკაციაზე დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები“ - კობახიძის სამთავრობო პროგრამა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ნდობის გამოცხადებისათვის წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა.

სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი თავი ეხება გარემოს დაცვას, სადაც ყურადღება გამახვილებულია ბუნებრივ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი საფრთხეების რუკების მომზადება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესება, კერძოდ:

  • წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეო
    სადგური, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას.
  • წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად თემებში მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები.
  • დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზის გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა.
  • გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მონტაჟი.
  • მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, შესაბამისად, მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები.

პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება.