11 პირის საქმე | დაიკითხა ორი მოწმე, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი 8 პირის საქმეშიც აქვთ

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების ფარგლებში დაკავებული 11 პირის მორიგი პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურის ორი მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელები, ლევან ხურცილავა და ლაშა ბუიღლიშვილი დაიკითხნენ. ორივე მოწმე დაკითხეს 14 მაისს გამართულ 8 პირის საქმეზეც.

მოწმეების დაკითხვამდე ნინო გალუსტაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის შუამდგომლობაზე.

წინა პროცესზე, 8 მაისს, თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, რომ ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონიდან, რომელიც ექსპერტიზაზეა, „ვოთსაფის“ ერთ-ერთი ჩატი დატოვეს. ადვოკატი ეჭვობს, რომ ჭიჭინაძის ტელეფონში უკანონოდ შეაღწიეს. მან მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, ამოეღოთ იმ ჯგუფის ადმინისტრატორის მობილურიდან ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჭიჭინაძის ანგარიშიდან ჩატი დატოვეს.

პროკურატურა აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ ჭიჭინაძის ტელეფონი დალუქულია და ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„ბრალდებულის უდანაშაულობის კონტექსტში ამ მოცემულობით არ დგინდება საგამოძიებო მოქმედებების მიზნის შესაბამისობა“, – თქვა გალუსტაშვილმა.

მოწმეების დაკითხვამდე სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა რეზო კიკნაძემ და განაცხადა, რომ წინა პროცესზე დაკითხულ მოწმეებს მათ საქმესთან შემხებლობა არ აქვთ.

„მოწმე ჩვენთან კავშირში ხომ უნდა იყოს? წინა მოწმეზე მინდოდა განმეცხადებინა, რომ ფაქტობრივად, ჩვენი დაცინვა იყო. თვითონ ამბობს 28 ნოემბრის საღამოს 12-ის ნახევრის მერე არ ვყოფილვარო იმ აქციაზეო და ისეთი ადამიანი მოგვიყვანეთ, იმავე წარმატებით შეეძლოთ მოგეყვანათ პაკისტანი-ინდოეთის ომში დაზარალებული და იგივე კავშირი ექნებოდა ჩვენთან. იმიტომ რომ ჩვენ გვედავებიან 29 ნოემბერს და შემდეგ თარიღებს, აქ ვინც ვართ და სხვა თარიღის მოწმე რა შუაშია?“, – განაცხადა რეზო კიკნაძემ.

ამის შემდეგ სასამართლომ პირველი მოწმე, ნიკოლოზ ხურცილავა გამოიძახა.

ნიკოლოზ ხურცილავამ, როგორც გუშინ, დღესაც გაიმეორა, რომ 28 ნოემბერს, ღამის 12 საათისკენ დაშავდა – ტუჩზე მოხვდა ქვა და ნაკერების დადება დასჭირდა.

ორ საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მოწმემ არ იცის, ვისი ნასროლი ქვა მოხვდა, თუმცა იმედი აქვს, რომ ამას გამოძიება დაადგენს.

იმ პირების ადვოკატებმა, რომელთაც პროკურატურა სხვა დღეებში ჩადენილ შესაძლო ძალადობას ედავება, მოწმეს ჰკითხეს, აქვს თუ არა პრეტენზია მათთან.

მოწმის თქმით, ის 28 ნოემბრის შემდეგ 1 კვირაზე მეტხანს სამსახურში აღარ დაბრუნებულა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 1 დეკემბერს მომხდარს ედავებიან.

ჭკადუა: „ადამიანებთან, რომელთაც 1 დეკემბერს თითქოსდა ძალადობაზე ბრალი აქვს წარდგენილი, პრეტენზია ვერ გექნებათ, ასეა?

მოწმე: მე დავზიანდი 28-ში… [პრეტენზია ვერ მექნება] ეგრე გამოდის“, – აღნიშნა მოწმემ.

იგივე პასუხი გაიმეორა გიორგი ტერიშვილის და ლუკა ჯაბუას შემთხვევაშიც.

„თავიდანვე დავაფიქსირე, არ ვიცი, ვისი ნასროლი ქვა მომხვდა და ხელს ვერავის დავადებ. ვინც მესროლა, იმის მიმართ მაქვს პრეტენზია, ამას გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა მოწმემ.

ნიკოლოზ ხურვილავას არ ახსოვს ის კოლეგები, რომლებიც მისი დაზიანების დროს მის გვერდით იყვნენ.

დაინახა თუ არა აქციის მონაწილეების ჯგუფური მოქმედება, ამაზე ხურცილავამ ჯერ თქვა, რომ დაინახა, შემდეგ თქვა, რომ აქციის მონაწილეების რეპლიკები ესმოდა, თუმცა კარგად დანახვას ვერ ახერხებდა:

„ერთმანეთს აწოდებდნენ ნივთებს და მივიჩნიე, რომ ჯგუფურად მოქმედებდნენ. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, დამეხმარეთ, მომაწოდეთ საგნებიო. პირველ რიგში ვხედავდი და იყო რეპლიკები, რომელიც მესმოდა… ფიზიკურად ვერ ვასწრებდი დანახვას, ვიყავი თავდაცვის რეჟიმში, რომ არ მომხვედროდა რამე ტიპის საგანი… ვხედვადი, მაგრამ სახეები რომ დამეფიქსირებინა, ვერ ვასწრებდი ფიზიკურად… ვხედავდი, მაგრამ ისე კარგად არა, რომ გამერჩია, ვინ იყო. თან ზოგს ნიღაბი ეკეთა და შეუძლებელი იყო, ამომეცნო, ვინ იყო. ჩემთვის შეუძლებელი იყო მათი ამოცნობა“, – განაცხადა მან.

სხდომაზე გაირკვა, რომ ნიკოლოზ ხურცილავა ერთი თვის წინ დააწინაურეს. ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ეჭვი გამოთქვა, რომ მისი დაწინაურება „ქართული ოცნების“ მხრიდან მადლობას უკავშირდება. მან მოწმის კვალიფიკაციის განსასაზღვრად შეკითხვები დასვა, თუმცა მოსამართლემ, პროკურატურის პროტესტის საფუძველზე, ეს კითხვები განარიდა.

„როგორც უკვე ცნობილია, თქვენო ღირსებავ, პატივცემული დაწინაურდა სწორედ მას შემდეგ, რაც იქნა დაზარალებულად ცნობილი და გამოკითხული იქნა მოწმის სახით, შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი დაწინაურება უკავშირდება არა მის სამსახურებრივ საქმიანობას ან დამსახურებას ან კვალიფიკაციას მის სფეროში,  არამედ შესაძლოა, მისი დაწინაურება უკავშირდებოდეს „ქართული ოცნების“ მადლობას იმ პოლიციელების მიმართ, ვისაც იყენებენ ამ ბრალდებულების წინააღმდეგ, მე მგონია ისე, რომ თვითონაც არ იციან.

ჩვენი მიზანია, დავადგინოთ, პატივცემული იმიტომ დააწინაურეს, რომ იმსახურებდა თუ იმიტომ, რომ იყენებენ უდანაშაულო ადამიანების წინააღდმეგ“, – განაცხადა თუთბერიძემ.

„თქვენ ტუჩი დაგიზიანდათ ხო?“, – მიმართა მოწმეს ონისე ცხადაძემ, –  „მინიმუმ 5, ფორმებში გადაცმული არ ვიცი ვინ იყო, სპეცრაზმი თუ ვინ, მცემდა ძირს დაგდებულს, თავზე მქონდა ხელები აფარებული. სამი წიხლი მომხვდა თავში ზედიზედ და ბოლოს მეოთხე ზემოდან დამახტა და თან ნეკნებში ამომარტყეს ფეხი და შემეკრა სუნთქვა. თავზე მქონდა ჰემატომა.

შემდეგ, როცა დამაკავეს 5 დეკემბერს, ჩამომიყვანეს თბილისში, ექიმმა შემამოწმა და სახალხი დამცველი იყო შემოსული. სახალხო დამცველმა მკითხა დაზიანებებზე და თავი ვალდებულად ჩავთვალე, მეთქვა, მაგრამ ამის შემდეგ იყო გლდანის პენიტენციურში მოსული კაციტაძის უწყებიდან ადამიანი, რომელმაც მკითხა, მიიღეთ თუ არა რამე დაზიანებაო, გამოძიებას ვიწყებთო.  რაღაც მომენტში გადავიფიქრე, რომ ჩვენება მიმეცა. ნეკნის დაბეჟილობა მქონდა და მცირე ჰემატომა თავზე და ჩავთვალე, რომ არ ღირდა ამის გამო მე ვიღაცას გამოვეკიდო.

თქვენც არ ჩანხართ ის ადამიანი, რომ აქ ახლა არავინ შემხებლობაში არაა, მე ასეთი წარმოდგენა შემექმნა თქვენზე რომ აი, ტუჩი გამისკდაო და 19-20 წლის ბიჭებთან მივიდეს და რაღაცები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მე მაქვს კითხვა, თქვენზე ზეწოლა ხომ არ ჰქონია ვინმეს, რომ მოხვიდეთ აქ?“, – იკითხა ცხადაძემ, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ არნაირად.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები გატყუებენ“ – უთხრა ბოლოს ცხადაძემ ხურცილავას.

ბრალდებულ ანდრო ჭიჭინაძის შეფასებით, საქმესთან უშუალო შემხებლობაში არმყოფ მოწმეებს საზოგადოებაზე ზემოქმედების მიზნით ალაპარაკებენ.

„ერთადერთი მიზეზი ამ ყველაფრისა არის, რომ საზოგადოებაში შეიქმნან ის აღქმა, რომ თითქოს ჩვენ ამ ადამიანებთან შემხებლობაში, იმის მიუხედავად რომ ჩვენთან არავისთან პრეტენზია არ აქვთ, უნდათ რომ რაღაცნაირად დალექნონ, რომ ჩვენ თითქოს ამ საქმეზე დამნაშავეები ვართ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მეორე მოწმემ, ლაშა ბუიღლიშვილმა, 1 დეკემბერს, დაახლოებით, 21:15-ზე მიიღო დაზიანება – ქვა მოხვდა მუცელში და თავში და შუბლის არეში ნახეთქი ჭრილობა ჰქონდა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები აგრესიულები იყვნენ და ამბობდნენ, „მივაწვეთ“, „გადავთელოთო“.

ადვოკატები ამ მოწმესთანაც იმის გარკვევას ცდილობდნენ, ჰქონდა თუ არა პრეტენზია იმ ადამიანებთან, რომლებიც აქციაზე მისი წასვლის შემდეგ იყვნენ.

მოწმემ განაცხადა, რომ მას პრეტენზია აქვს, რადგან აქციაზე პოლიციელები დაშავდნენ, რაზეც არაერთხელ განუმარტეს, რომ მან უშუალოდ მის ინციდენტზე უნდა უპასუხოს შეკითხვას.

„მე მომადგა ზიანი ძალადობრივი აქციის მონაწილეებისგან. აღნიშნულ პიროვნებებს ბრალი ედებათ ძალადობაში. მაქვს პრეტენზია მათ მიმართ. 100-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული.

არ ვიცი [ეს ადამიანები] იქ იმყოფებოდნენ თუ არა, ვერ დავადასტურებ. აქციის მონაწილეების მიმართ მაქვს მე პრეტენზია, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებნენ და გვესროდნენ ნივთებს, აი, მათ მიმართ მაქვს პრეტენზია. […] მოძალადეები არიან“, – განაცხადა მან.

მოწმის ამ განცხადებას ბრალდებულების, ანდრო ჭიჭინაძის და ჯანო არჩაიას პროტესტი მოჰყვა. მოსამართლემ გააძევა ერთი მოქალაქე. ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულებს განუცხადა, რომ თუ ასეთი რამ კიდე განმეორდება, სხდომას დაატოვებინებს.

სხდომა ორი მოწმის დაკითხვის შემდეგ დასრულდა. მორიგი პროცესი 19 მაისს, 15:00-ზე ჩაინიშნა. გაგრძელდება პროკურატურის მოწმეების დაკითხვა.