11 პირის საქმე | დაიკითხა ორი მოწმე, რომელთაც დაზარალებულის სტატუსი 8 პირის საქმეშიც აქვთ

პუბლიკა

თბილისის საქალაქოში აქციების ფარგლებში დაკავებული 11 პირის მორიგი პროცესი გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი უძღვება, გაგრძელდა პროკურატურის მოწმეების დაკითხვა.

დაიკითხნენ საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელები საბა ნაბახტეველი და ივანე კაპანაძე, რომლებიც დაზარალებულად არიან ცნობილი 8 პირის საქმეშიც.

საბა ნაბახტეველის თქმით, 28 ნოემბერს, დაახლოებით, 23:00-ის შემდეგ აქციის მონაწილის ნასროლი ქვა მოხვდა შუბლის, ცხვირის და ლოყის არეში.

ივანე კაპანაძის თქმით კი მან პირველ დეკემბერს მიიღო დაზიანება ხელის არეში, ქვა მოხვდა და სისხლდენა დაეწყო.

მოწმე საბა ნაბახტეველის თქმით, მას პრეტენზია აქვს იმ ადამიანის მიმართ, ვინც ზიანი მიაყენა. იმავეს იმეორებს ივანე კაპანაძეც.

ორივე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულებს არ იცნობენ და არც მათი აქციაზე ყოფნა ახსოვთ.

რამდენიმე ადვოკატს და ბრალდებულებს მოწმე ნაბახტეველისთვის კითხვის შესაძლებლობა არ მიეცათ.

ადვოკატების თქმით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მოწმის დასაკითხად 1 საათი განსაზღვრა, ამ დროში კი მისთვის შეკითხვების დასმა ყველამ ვერ მოასწრო.

ადვოკატებმა იმ საფუძვლით, რომ დაცვის უფლება ეზღუდებათ, ნინო გალუსტაშვილის აცილება მოითხოვეს.

ნინო გალუსტაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მან მოწმეების გამოკითხვისთვის ჯამში 1,5 საათი გამოყო, საიდანაც პროკურატურას 20 წუთი დაეთმობა, დანარჩენი დროით კი დაცვის მხარე ისარგებლებს.

ამ საკითან დაკავშირებით ბრალდებულმა რეზო კიკნაძემ თქვა, რომ მათ არა სწრაფი, არამედ სამართლიანი მართლმსაჯულება სურთ.

„სწრაფი მართლმსაჯულებაო, ხშირად ახსენებთ და ჩვენ არ გვსურს სწრაფი, ჩვენ გვსურს სამართლიანი მართლმსაჯულება. თან რატო გვაჩქარებთ, მაინც ვერ ვხვდები, იმიტომ, რომ შეიძლება, ჩვენს ბედს წყვეტდეს ეს კონკრეტული მოწმე და კონკრეტული პროცესი და ჩვენ გვირჩევნია, რომ ყველამ დავუსვათ ყველა კითხვა რაც გვაქვს და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება… თან თუ სწრაფად გინდათ დასრულება პროცესების, ერთნაირ მოწმეებს მაინც ნუ მოიყვანთ, ზუსტად ერთი და იგივე პასუხები რომ ამოდის. თან აქ უმეტესობა, რაც ვნახეთ, არიან პოლიციელები, ვისაც ნიღაბი არ ეკეთა და ისეთ დროს მივიდნენ, ჩვენ არ გვეხება“, – თქვა კიკნაძემ.

პროცესის დასასრულს ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ თუ შესაძლებელია, საქმიდან უნდა ამოიღონ ისეთი მოწმეები, რომელთაც არც ერთ ბრალდებულთან კონკრეტული შემხებლობა არ აქვს.

„გვინდა სწრაფად და სამართლიანად მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, სადაც უნდა მივიდეთ, უბრალოდ მართლა ვერ ვხვდები, ეს ადამიანები რომ მოდიან… ახლა, მაგალითად, ჩემი ადვოკატები 3 სასამართლოს განმავლობაში არ სვამენ კითხვას, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერ შუაში არ არიან ეს ადამიანები.

ზოგადად, უკვე მესამე სასამართლოა, სადაც არანაირი შეხება ჩვენთან არ აქვთ და არც პრეტენზია არ აქვთ. ერთმა ადამიანმა თქვა, პრეტენზია მაქვსო, მაგრამ ისეთი საბაბით იყო, თქვენც [მოსამართლეს] ჩაერთეთ და შენიშვნა მიეცით…

თუ ვლაპარაკობთ ჩვენ იმაზე, რომ გვინდა, სწრაფად გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი და მე მგონი, ყველას ინტერესშია ეს, მაშინ პროკურატურამ უნდა ჩახსნას ადამიანები, იმიტომ რომ 40-მდე მოწმეა, ხოდა ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შემხებლობა ექნება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ სხვა დროს, სხვა ადგილას, არანაირი გადაკვეთის წერტილი არაა, არც ადგილის, არც დროის…

იქნებ ისე მოვახერხოთ, რომ თუ თქვენს ინტერესებშიცაა, ჩავხსნათ ის ადამიანები, რომლებიც არანაირ კავშირში არაა. არავინ არაფერ კავშირში არაა, აქ წარმოდგენილ ადამიანებს არავინ არ დაუზიანებიათ, მაგრამ მოდი, გავაკეთოთ ისე, რომ სწრაფად მივიდეთ გადაწყვეტილებამდე, სადაც უნდა მივიდეთ“, – განაცხადა მან.

11 პირის მომდევნო პროცესი 27 მაისს ჩაინიშნა.