11 პირის საქმე | კუხარჩუკისა და სივაკოვის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს

პუბლიკა

აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზეა.

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე ბრალდებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერიშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი.

20 აგვისტოს გამართულ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ბრალდების მხარემ, რის შემდეგაც სასამართლომ გიორგი ტერიშვილის ადვოკატებს, ირაკლი ჩომახაშვილსა და გოგიტა ბახტაძეს, ასევე სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ადვოკატებს მოუსმინა.

სერგეი კუხარჩუკსა და რუსლან სივაკოვს პროკურატურა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, კერძოდ, პროკურორის თქმით, რუსლან სივაკოვი 29 ნოემბერს აქციაზე მძიმე საგანს ისროდა პოლიციის მიმართულებით, ხოლო სერგეი კუხარჩუკი 28 და 29 ნოემბერს ქვებს ესროდა პოლიციელებს.

ადვოკატ ბექა ხოხობაშვილის შეფასებით, სასამართლოში ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა სერგეი კუხარჩუკისა და რუსლან სივაკოვის ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რადგან ვერ წარმოადგინეს ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდება ჰიპოთეტურად, ვარაუდის დონეზე საუბრობს ორგანიზებული ძალადობის ასპექტზე.

„არც ერთი ე.წ. დაზარალებული ჩვენებას არ იძლევა ამ პირებზე – რომ სივაკოვის და კუხარჩუკის მხრიდან მოხდა მათი დაზიანება.

საქმეში არ არსებობს ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას.

ჩვენ გვაქვს პასუხი ბრალდების იმ კითხვებზე, რომელიც ჩამოაყალიბეს ბრალის ფორმულირებაში – თუ ვინ დააზიანა ეს პოლიციელები – ესენი არიან სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ე.წ. პროვოკატორები, რომლებზეც საუბრობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, ჩემი მოწმეც, ასევე სხვა მოწმეებიც, რომლებიც ბრალდებამ უდაოდ გახადა, პირდაპირ ადასტურებენ იმ მოცემულობას, რაზეც აგებულია დაცვის მხარის სტრატეგია…

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს სჭირდება, სულ მცირე, ორი პირდაპირი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია, განაჩენი გამოიტანოს, რაც ჩვენს საქმეში საერთოდ არ გვაქვს“, – უთხრა ადვოკატმა მედიას სხდომის დასრულების შემდეგ.

ბექა ხოხობაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ რუსლან სივაკოვთან მიმართებით საქმეში არაა წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულება, სადაც გამოჩნდებოდა, რომ სივაკოვი პოლიციელთა მიმართულებით ისვრის რამე საგანს. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფების შემთხვევაშიც არაა დადგენილი საგნის რაობა, მიმართულება, დაზიანდა თუ არა ვინმე მათი მოქმედების შედეგად. ასევე არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ისინი მოქმედებდნენ ორგანიზებულად.

ადვოკატის განმარტებით, რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი ერთად იმყოფებოდნენ, როდესაც შსს რუსლან სივაკოვის სისხლის სამართლის წესით დასაკავებლად მივიდა. სერგეი კუხარჩუკი ამ დროს დააკავეს ადმინისტრაციული წესით რუსლან სივაკოვთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიციის ხელშეშლისთვის.

რაც შეეხება სერგეი კუხარჩუკს, ბექა ხოხობაშვილის თქმით, მისი საქმე „შეკერილია”. დაცვის მხარის პოზიციით, კუხარჩუკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ადმინისტრაციული დაკავების დროს „შეკერეს” – მოიძიეს აქციაზე მისი ყოფნის კადრები და ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება. ხოხობაშვილი ფიქრობს, რომ სერგეი კუხარჩუკი რუსლან სივაკოვთან ერთად რომ არ ყოფილიყო, მის მიმართ დღეს არანაირი გამოძიება არ იქნებოდა დაწყებული.

„რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი ერთად ცხოვრობდნენ, ერთად მუშაობდნენ. როდესაც სახლში ბრუნდებოდნენ, ორბელიანის 12-ის მიმდებარედ სივაკოვის დაკავება დაიწყეს. დაკავების პროცედურის დროს იქ იმყოფებოდა სერგეი კუხარჩუკი, რომელსაც 2 დეტექტივი აკავებს ადმინისტრაციული წესით.

რუსლან სივაკოვის დაკავების ოქმში წერია, რომ დაკავება მშვიდ ვითარებაში მოხდა, როდესაც ორი დეტექტივი, ვინც კუხარჩუკს აკავებს, საუბრობს, რომ სისხლის სამართლის საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა და ამაში ხელს გვიშლიდა, შეურაცხყოფას გვაყენებდა სერგეი კუხარჩუკიო.

არადა, საქმით გვაქვს მოცემულობა, თითქოს მშვიდ ვითარებაში მოხდა მარტო სივაკოვის აყვანა, არც ის ორი დეტექტივი ფიგურირებს და არც კუხარჩუკი.

შემდგომ ერთ დღეში შეიკერა საქმე სერგეი კუხარჩუკის მიმართ, როდესაც გადაიყვანეს იზოლატორში. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ამ ადამიანის საქმე შეკერილია, სამიზნეც კი არ იყო, როდესაც სივაკოვთან ერთად აღმოაჩინეს, შემდგომში მოიძიეს, ნახეს კადრებში… კადრებში ჩანს, რომ სუფთა ბოთლს ისვრის და არ ჩანს, სად ეცემა ის ბოთლი და პოლიცია საერთოდ არ ჩანს“, – განმარტავს ადვოკატი.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რასაც ადვოკატი უსვამს ხაზს, არის ის, რომ რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი მხოლოდ უკრაინულ და რუსულ ენებზე საუბრობენ, საქმეში კი მათთან ამ ენაზე კომუნიკაციის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ დევს.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული ჯგუფის არსებობის დასამტკიცებლად, ადვოკატების თქმით, აუცილებელია, დადასტურდეს შესაძლო ჯგუფის წევრებს შორის კავშირი, კონტაქტი, სავარაუდო ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის მხრიდან მითითება.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა რუსული და უკრაინული ენა იციან. არ წარმოდგენილა ერთი მტკიცებულებაც კი უკრაინულ ან რუსულ ენაზე, რომელიც რამე დამაკავშირებელი იქნებოდა ამ შემთხვევაში ან რომელიმე ორგანიზატორთან ან რამე ბენეფიტის მიღების საშუალება იქნებოდა ან რამე სხვა სახის რგოლი იქნებოდა ჯგუფური ძალადობის კონტექსტში“, – ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ 28 და 29 ნოემბერს დაზარალდნენ, ბექა ხოხობაშვილი მიუთითებს, რომ 5 მოწმე, რომელიც დაიკითხა, ამბობს, რომ დაზიანდნენ პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ისეთ დროს, როცა შსს-ს სპეციალური საშუალებები ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოყენებული, ხოლო ვიდეოები, რომელიც სივაკოვისა და კუხარჩუკის წინააღმდეგ საქმეშია წარმოდგენილი, გადაღებულია მას შემდეგ, რაც უწყებამ აქციის დაშლა დაიწყო და აქციის მონაწილეებმა პარლამენტისგან მოშორებით გადაინაცვლეს.

„თარიღიც კი ბრალდების მხარეს დაზუსტებული არ აქვს, ამისთვის მას ექსპერტიზის დასკვნაც არ აქვს წარმოდგენილი ანუ ლოკაცია, სად იდგა სერგეი კუხარჩუკი ან რუსლან სივაკოვი კონკრეტული კადრის დროს, არაა შესწავლილი; არაა რელევანტური დაკავშირება ე.წ. დაზარალებულებთან მიმართულებით; არ არის შესწავლილი კონკრეტული საგანი, რომელიც აღნიშნულ საქმეს პირდაპირ ნათელს მოჰფენდა;

შეუძლებელი მოცემულობა გვაქვს, რეალურად, ტერიტორია, სადაც იდგნენ და დაზარალებულები, ვინც ასახელებენ, რომ 28-ში და 29-ში დაზარალდნენ, [ნიკოლოზ ხურცილავა, ზაბახიძე, გრიგოლ ჭანტურიძე, გელაშვილი, თუ სწორად მახსოვს,] ისინი საუბრობენ ზიანზე, რომელიც მიიღეს ჭიჭინაძეზე და 9 აპრილის ქუჩაზე, იმ დროს, როცა არ იყო სპეცსაშუალებები გამოყენებული, ხოლო ჩვენ როდესაც კადრებს ვუყურებთ, აქცია 80% არის დაშლილი, გადანაცვლებული არიან „მერიოტის“ იქით, პარლამენტთან ახლოს აღარ არიან, მოშორებით არიან, ფაქტობრივად, აქცია არის დაშლილი და არის რაღაც ნაწილი, რომელიც წინა ფლანგზეა და ის, რაც კადრებში გაქვთ ისედაც ნანახი, ის მოცემულობაა მხოლოდ“, – ამბობს ადვოკატი.