11 პირის საქმეზე დაიკითხა მოწმე, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი 8 პირის საქმეშიც აქვს

პუბლიკა

აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის ერთი მოწმე დაიკითხა.

პოლიციელი გიორგი ზაბახიძე, რომელიც დაზარალებულადაა ცნობილი, მოწმე იყო როგორც დღევანდელ, ისე გუშინ განხილულ საქმეში, რომელშიც 8 ბრალდებულია.

გიორგი ზაბახიძე ამბობს, რომ 28 ნოემბერს ჭიჭინაძისა და რუსთაველის კვეთაზე პოლიციის კორდონში წინა ხაზიდან 2-3 რიგით უკან იდგა. მისი მტკიცებით, სამართალდამცველებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას აპირებდნენ და ამის თავიდან აცილებას ცდილობდნენ.

დაახლოებით ღამის 12 საათისკენ აქციის მონაწილეების ნასროლი ქვა მარჯვენა თვალში მოხვდა და შედეგად მხედველობა თითქმის სრულად დაკარგა.

ზაბახიძის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად 16 აპრილს გაავრცელა. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებას დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

ზაბახიძის თქმით, მას თბილისსა და თურქეთში უმკურნალეს, საბოლოოდ კი თურქეთში უთხრეს, რომ მის თვალზე ოპერაციის გაკეთებას აზრი არ აქვს და მხედველობას ვეღარ აღიდგენს.

„მხედველობა დავკარგე და ჩემთვის ძალიან მძიმეა [ეს დაზიანება] ბოლოს ერთი თვის წინ ვიყავი თურქეთში. მანამდე განცდა მქონდა, რომ მხედველობა დამიბრუნდებოდა, მაგრამ იქ მითხრეს, რომ არა. ოპერაცია არ კეთდებაო, მითხრეს. რაღაც ქორეიდოის ნახეთქი გაკეთდა. ეს ნახეთქი რომ შეერთდა, გაკეთდა ნაწიბურები და ეს მიშლის ხელს. შავ ლაქას ვხედავ. რამდენი პროცენტით დამიქვეითდა, არ ვიცი“, – თქვა მან.

მოწმემ დღევანდელ პროცესზე, ისევე როგორც გუშინდელზე, განაცხადა, რომ არ დაუნახავს, ვისი ნასროლი ქვა მოხვდა, უწევდა თუ არა ვინმე ორგანიზებას ძალადობრივ ქმედებებს და არც საქმეზე ბრალდებული პირების აქციაზე ყოფნა ახსოვს.

ადვოკატები ძირითადად ინტერესდებოდნენ, შეუძლია თუ არა მოწმეს მათი დაცვის ქვეშ მყოფის ამოცნობა და იმის თქმა, რომ მისი ნასროლი ქვით დაზიანდა ის; ასევე, საიდან ასკვნის მოწმე, რომ ქვა აქციის მონაწილემ ისროლა და არა, ვთქვათ, ე.წ. პროვოკატორმა.

ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ბრალდებულთა შორის იმას, ვინც ქვა ესროლა, მოწმემ თქვა, რომ არ დაუნახავს, ვინ ესროლა და შესაბამისად, ვერ ამოიცნობს.

შეკითხვაზე, როგორ აიდენტიფიცირებდა ის მოქალაქეს აქციის მონაწილედ, ზაბახიძემ თქვა:

„ხალხი, რომელიც აპროტესტებდა რაღაც გარკვეულ იმას, მე როგორც მახსოვს, პრემიერის განცხადება იყო რაღაც ევროკავშირის გადავადებასთან დაკავშირებით“.

ადვოკატი: იქ მყოფი ადამიანებიდან, გამორიცხავთ, რომ  ვინმე შეგზავნილი იყო?

მოწმე: „მე არ გამიგია, რომ ვინმე იქ [შეგზავნილი] ყოფილიყო. ჩემი აღქმიდან, მე რასაც ვუყურებდი, ყველა იყო აქციის მონაწილე… აპროტესტებდნენ ყველა ერთიანად, ერთობლიობაში აპროტესტებდნენ.

ადვოკატი: შეამჩნიეთ, რომ ვინმე ორგანიზებას უწევდა?

მოწმე: კონკრეტულად არავინ“.

ადვოკატებმა მოწმეს ასევე აჩვენეს ვიდეო, რომელშიც სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით გინება და შეურაცხყოფა ისმის და ჰკითხეს, ახსოვდა თუ არა მსგავსი ქმედებები, რაზეც ზაბახიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ სანამ აქციაზე იყო, ასეთი რამ არ უნახავს.

ადვოკატი ირმა ჭკადუა დაინტერესდა, იცნობს თუ არა დაზარალებული საქმის მასალებს და აქვს თუ არა პრეტენზია რომელიმე ბრალდებულთან.

მოწმე: „იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი, ვინ მესროლა, თუ ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ჩემს დაზიანებაში, რა თქმა უნდა, მაქვს და თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ არ არიან დამნაშავეები, არ გამაჩნია.

ჭკადუა: ბრალდების მხარის მასალებს როგორც დაზარალებული, გაცნობილი ხართ?

მოწმე: არა. როდესაც გამომძიებელთან უნდა მივსულიყავი, მაშინ უნდა წავსულიყავი თურქეთში და არ მიმიქცევია ყურადღება და არც ჩავთვალე საჭიროდ, რომ გავცნობოდი.

ჭკადუა: არ დაინტერესდით, გამოძიებამ რა დაადგინა? ხომ შეგიძლიათ, ვინც დაგაზიანა, იმასთან იდავოთ მერე მორალურ ზიანზე.

მოწმე: კონკრეტულად არ ვიცი, რომელმა დამაზიანა და არც ის ვიცი, დამაზიანა თუ არა ამ ხალხმა

ჭკადუა: პრეტენზია გაქვთ იმ ადამიანებთან, რომლებზეც არ იცით, დაგაზიანათ თუ არა?

მოწმე: არ ვიცი, ვინ მესროლა. თუ დადგინდა, რომ ადამიანებიდა რომელიმეა, მაშინ… თუ დადგენილია, რომ არ იყო, მაშინ არ მექნება“.

გიორგი ზაბახიძესთან შეკითხვები ჰქონდა ბრალდებულ რეზო კიკნაძესაც.

ის დაინტერესდა, რის საფუძველზე ამბობს მოწმე, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას აპირებდნენ, მოისმინა თუ არა ვინმესგან მსგავსი მოწოდება და აღნიშნა, რომ აქციაზე მისული რამდენიმე ათეული კაციდან ვინმემ რამე თუ ისროლა, ბრალდებულები ამასთან რა შუაში არიან, ვერ გაიგო.

მოწმემ თქვა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონს აწვებოდნენ და პოლიციას შეჭრის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. მოწმეს არ მოუსმენია ვინმეს მოწოდება, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. ზაბახიძის თქმით, აქციის მონაწილეებს ჭიჭინაძის ქუჩაზე პარლამენტის ჭიშკართან მიახლოების საშუალება პოლიციამ არ მისცა.

„ძალიან ცუდი ფაქტია, რომ ვიღაც დაზიანდა, საერთოდ არ მივესალმები ამას, უბრალოდ, რა შუაში ვართ ამ ადამიანთან, მართლა ვერ ვხვდები.

ეს ადამიანი ვერ ხედავდა, ვინ ისროლა, უბრალოდ მაღლიდან რაღაც დაეცა. საიდან ადასტურებს, რომ აუცილებლად აქციაზე მდგომმა ადამიანმა ესროლა და გამორიცხავს თუ არა, რომ სპეცრაზმელის ნასროლი ნივთი შეიძლება მოხვედროდა სხეულზე?“, – დასვა შეკითხვა კიკნაძემ.

ზაბახიძემ თქვა, რომ მისი იქ ყოფნის დროს სპეცრაზმის მობილიზება არ დაუნახავს.

„თქვენ ამომიცანით მე რომ მე გესროლეთ?“, – მიმართა კიკნაძემ მოწმეს, რაზეც მოწმემ თქვა: „არ დამინახავს ის პიროვნება, ვინც მესროლა“.

გიორგი ზაბახიძის ჩვენება შეაფასა ბრალდებულმა ანდრო ჭიჭინაძემაც. მისი თქმით, სასამართლოს არ უნდა დაეშვა ისეთი მოწმე, რომლის დაზიანებას ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.

„ხაზი გავუსვი იმას, რომ სასამართლოს არ უნდა დაეშვა ეს ადამიანები, პროკურატურის მხრიდან წარმოდგენილი ადამიანები ამ საქმეზე იმიტომ, რომ ჩვენ არავითარი შემხებლობა ამ ადამიანების დაზიანებასთან არ გვაქვს. მგონია, რომ ეს არის სასამართლოს შეცდომა და მეტი არაფერი. ადამიანურად მეც გული მწყდება ამ ადამიანებზე, იმიტომ, რომ დაზიანდა და მხედველობა დააკლდა. უბრალოდ, ჩვენ აქეთ მხარეს ვსხედვართ, თითქოს ჩვენ მიგვიძღვის რაღაც წვლილი. არავითარი წვლილი მაგაში ჩვენ არ მიგვიძღვის“, – თქვა ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე.

გიორგი ზაბახიძის დაკითხვის შემდეგ სხდომა დასრულდა.

მომდევნო პროცესი 15 მაისს დაინიშნა. სხდომაზე ისევ მოწმეები დაიკითხებიან.