11 პირის საქმეზე სხდომა კვლავ ნაწილობრივ დახურულია — დარბაზში არ დაუშვეს ოჯახის წევრები

პუბლიკა

საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის საქმის სხდომა კვლავ ნაწილობრივ დახურულია — მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ დარბაზში არ დაუშვა ბრალდებულების ოჯახის წევრები და მეგობრები.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანდროს ჭიჭინაძის, ონისეს ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკას ჯაბუას, რუსლანის სივაკოვის, რევაზის კიკნაძის, გიორგის ტერაშვილის, ვალერის თეთრაშვილის, სერგეის კუხარჩუკის და ირაკლის ქერაშვილის წინასასამართლო პროცესი — სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობს. დღეს გრძელდება წინასასამართლო სხდომა — პროცესი 5 მარტს დაიწყო.

წინა სხდომაზე ბრალდებულები სიტყვით გამოდიოდნენ, რასაც დამსწრეები ტაშით ხვდებოდნენ. მოსამართლემ დარბაზი ამის გამო ერთხელ გააფრთხილა, შემდეგ კი სხდომა ნაწილობრივ დახურა. წინა სხდომაზე დარბაზი ირაკლი შვანგირაძემ დარბაზი დაატოვებინა ბრალდებულ ჯანო არჩაიას.

დღეს ადვოკატებმა სხდომის გახსნა მოითხოვეს, პროკურორებმა კი თქვეს, რომ დამსწრეები სისტემატურად არღვევენ წესრიგს. მოსამართლემ პროკურორების პოზიცია გაიზიარა და არ გაითვალისწინა როგორც დაცვის მხარის შუამდგომლობა, ისე ბრალდებულების თხოვნა.

რეზო კიკნაძემ ითხოვა, დარბაზში მშობლები მაინც შემოეშვათ.

ონისე ცხადაძემ კი პირობა დადო, რომ დღევანდელ სხდომაზე წესრიგი არ დაირღვევა.

„ყველაზე დიდი მიზეზი, რის გამოც აქ მოვდივართ, არის ის, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები ვნახოთ. თუ შემოუშვებთ, პირობას გაძლევთ, რომ მსგავს რაღაცებს [წესრიგის დარღვევას] დღეს ვერ ნახავთ, უბრალოდ, შემოუშვით ხალხი”. — თქვა ონისე ცხადაძემ.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გადაწყვეტილება, კვლავ ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში გააგრძელოს წინასასამართლო სხდომა, ასე დაასაბუთა:

„5 მარტს მთელი დღის განმავლობაში სასამართლოს მხრიდან დარბაზის მიმართ იყო მოწოდებები, რომ დაეცვათ წესრიგი. ავუხსენი, რომ შესაძლოა, მომხდარიყო პროცესის დახურვა სრულად და ნაწილობრივ. არა მარტო მოწოდებები, იყო თხოვნაც, მოთხოვნაც, განმარტებაც, მათ შორის ის, რომ ამ დახურვას შეიძლება ბრალდებულებისთვის მოეკლო ის შესაძლებლობა, რომ ეყურებინათ თავიანთი ოჯახის წევრებისთვის და ოჯახის წევრებიც ვერ შეძლებდნენ პროცესზე დასწრებას, ამაზეც გავაკეთე აქცენტი. ეს იყო ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც უფრო ადრე არ დავხურე სხდომა.

მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესზე მუდმივად ხდებოდა წესრიგის დარღვევა და როცა ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღო და სასამართლოს აზრით, სხვა ფორმით შეუქცევადი გახდა წესრიგის დაცვა დარბაზში, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია სასამართლო პროცესის ნაწილობრივ დახურვა”.

რაც შეეხება საჯაროობის პრინციპს, რომლის დარღვევაზეც ასევე აპელირებდა დაცვის მხარე, მოსამართლემ თქვა, რომ „როცა ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება, დაესწრონ პროცესს, ეს უზრუნველყოფს საჯაროობის პრინციპის დაცვას”.

5 მარტის პროცესზე, მტკიცებულებების გამოკვლევის გარდა იმსჯელეს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საკითხზე.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ თერთმეტივე მათგანი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სხდომას ესწრება 10 დაკავებული. ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რუსლან სივაკოვმა სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.