„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მანიფესტი გამოაქვეყნა. ის, პარტიის განცადებით, ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას.
ენმ ამბობს, რომ მანიფესტი ცხადყოფს, თუ რა სურს პარტიას და როგორ წარმოუდგენია ამის მიღწევა.
„ის წარმოადგენს გარანტიას, ქართველი ხალხისთვის მიცემულ პირობასა და ზოგად პრინციპებს, რომლითაც პარტია ხელმძღვანელობს და იხელმძღვანელებს დასახული ამოცანების შესასრულებლად. მანიფესტი იმავდროულად პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად”. – აცხადებს ენმ.
დოკუმენტში, რომელსაც ქვია „მიხეილ სააკაშვილის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მანიფესტი”, ვკითხულობთ:
„ჩვენი ერთობის 11 პუნქტი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორებთან ერთად ჩაბმულია ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენის საქმეში და აყალიბებს სახელმწიფოს, სადაც:
- „ვარდების რევოლუციის“ იდეოლოგია ეფუძნება ქართველი ხალხის ძალისა და ბრძოლისუნარიანობის უსაზღვრო რწმენას და ევროპული კურსის ურყეობას.
- თითოეული ადამიანი პატივს სცემს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს. თავისუფლება ეროვნული სიძლიერის წყაროა. პარტიებიც და ხელისუფლებაც საზოგადოების ინსტრუმენტია თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობისა და დაცულობის მისაღწევად და არა პირიქით.
- სახელმწიფო მუშაობს მთელი ხალხისთვის და არა პრივილეგირებული მცირე ჯგუფისთვის. კორუფცია და ნეპოტიზმი ჩანაცვლდება მერიტოკრატიით. ე.ი. შედეგი მიიღწევა შრომით და ნიჭიერებით. ახალგაზრდებს შეეძლებათ საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა საკუთარ სამშობლოში და თითოეული ადამიანის პოზიციას, ხმას და ბედს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
- თანაბარი უფლებები, თანაბარი სამართალი და თანაბარი შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ყველას, განურჩევლად ეთნიკური წარმოშობის, რასის, სარწმუნოების, ასაკისა და სქესისა.
- ნებისმიერი ფორმის ოლიგარქია არის ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეთა კეთილდღეობის მტერი. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებულია რუსი ოლიგარქის მიერ, რომელიც ანადგურებს ერის ბუნებრივ სტრუქტურას, ლამობს ქართული მებრძოლი სულის ჩანაცვლებას – უმწეობისა და მონობის სულისკვეთებით. ახლავე თუ არ გავთავისუფლდით მისი მარწუხებისგან, საქართველო შეიძლება გაქრეს, ამიტომ ჩვენ სისტემაზე ტოტალურ შეტევას განვახორციელებთ.
- საქართველოს განვითარების გზა უკლებლივ ყველა რეგიონის წინსვლაზე გადის.
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მიზანი.
- სახელმწიფო არ დაუშვებს მიგრანტების უკონტროლო შემოდინებას და ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად შექმნის პირობებს, მათ შორის, უზრუნველყოფს უცხოეთში მყოფი ქართველების პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობის მიღებას.
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაატარებს დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი და მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკას.
- ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არც ერთმა თაობამ თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამისთვის, პენსიონერებს, ათწლეულების განმავლობაში, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა კარგი პენსიით და თუ გადაწყვეტენ მუშაობითაც, იცხოვრონ ღირსეულად, რათა ისინი არ იმყოფებოდნენ მონოპოლისტური ვალის ტყვეობაში. ამასთანავე, მომავალ თაობებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ნამდვილი ევროპული განათლება ყველა დონეზე, პოლიტიკური ჩარევისა და მანიპულაციების გარეშე.
- პარტიის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება პარტიის წევრების უშუალო ჩართულობას. პარტიის ყველა ორგანოს და საარჩევნო სიების შედგენა, ისევე როგორც მთავრობის წევრების კანდიდატურების დამტკიცება, უნდა ხდებოდეს პარტიის წევრების კენჭისყრის გზით”.