StopCov.ge-ის დილის მონაცემებით, 11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს რაოდენობა საქართველოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დილით ჟურნალისტებთან ისაუბრა, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური სურათი იყო ქვეყნის მასშტაბით. მისი თქმით:
- 2-ის ინფიცირების წყაროა ბათუმი;
- 24-ის – ქუთაისის სკოლა;
- 12 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი;
- 5-ს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში;
- 4 შემოტანილი შემთხვევაა. მათგან სამი სატვირთოს მძღოლია;
- 3 სამედიცინო პერსონალია;
- 10-ზე გრძელდება კვლევა, ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიების მიზნით.
მოგვიანებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დაფიქსირდა 39 შემთხვევა. შავიშვილის თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური სურათი შემდეგნაირია:
- 4 – იმპორტირებული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სხვა ქვეყნის სატვირთო მანქანების მძღოლებს;
- 4 – ხოფის სავაჭრო ცენტრი;
- 2 – სამშენებლო კომპანია „ნოვა“;
- 2 – „ელიტ ელექტრონიქსი“;
- 1 – სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი;
- 10 – დაკავშირებულია უკვე არსებულ, გახმაურებულ კლასტერებთან და ესენია დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები.
რუსუდან შავიშვილის თქმით, გამოჩნდა 14 ახალი არეალი, სადაც არის ერთეული შემთხვევები. მისი თქმით, ამ 14-მა შემთხვევამ აჩვენა ფართო გავრცელების დიაპაზონი, რადგან ეს შემთხვევები ფიქსირდება სხვადასხვა დაწესებულებაში.
ბათუმში „ხოზრევანიძის კლინიკამ“ მუშაობა დროებით შეწყვიტა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, გეგმური ტესტირების დროს კლინიკის ადმინიტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა.
პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩარკვიანმა რამდენიმე საათის წინ Facebook-გვერდზე დაწერა. თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსი დეპუტატ გოგიჩაიშვილისგან გადაედო. კორონავირუსი დაუდასტურდა თაკო ჩარკვიანის მეუღლესაც.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში სულ 28 შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმეტესობა დაკავშირებულია ცაგერის შემთხვევასთან. არის ქორწილის კლასტერი, რომელიც რესტორან „მრავალჟამიერში“ დადასტურდა.
დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთი სამედიცინო ცენტრის თანამშრომელს ქუთაისში. დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გეგმური შემოწმების დროს კორონავირუსი დაუდასტურდა ცენტრის ერთ-ერთ ექიმს, რომელიც თბილისში იმყოფებოდა. მათი თქმით, ინფიცირების წყარო ცნობილია. ის თბილისში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
„ინფიცირებულ ექიმთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მათი თვითიზოლაციასა და საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 10 სექტემბერს ზუგდიდის რაიონიდან კორონავირუსზე გამოსაკვლევად ლაბორატორიაში 253 ბიოლოგიური ნიმუში გადაგზავნეს. კვლევის თანახმად, სოფელ საბერიოს კონტაქტებიდან 28 დადებითია, დანარჩენი კი – უარყოფითი.
კორონავირუსი „ენგურჰესის“ კიდევ 24 თანამშრომელს დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით სულ „ენგურჰესის“ 28 თანამშრომელია ინფიცირებული.
კორონავირუსი დაუდასტურდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელს – ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიამ გაავრცელა. ჟურნალისტის ვარაუდით, ის დაინფიცირდა თაკო ჩარკვიანისგან, რომელიც მისი გადაცემის სტუმარი იყო ტელევიზიაში.
კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის ოფისის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განაცხადა. მისი თქმით, უკვე მოძიებულია 15 კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.