თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. ის პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, დანაშაული არ ჩაუდენია.
პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის საქმეზე ფ.ა.-ს ბრალდება გუშინ, 25 აგვისტოს წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს
ფ.ა.-ს მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ა.ა. იმყოფებოდა მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ხეზე, ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სამართალდამცველებმა ფ.ა. იმავე დღეს დააკავეს. 2020 წლის 25 აგვისტოს მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება და მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე, “-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
24 აგვისტო, 2020
ბავშვები მარტონი არიან ძალადობის პირისპირ – ომბუდსმენი 11 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე
25 აგვისტო, 2020