11 წლის გოგოს შესაძლო ნიშნობის ვიდეოზე ომბუდსმენმა მოკვლევა დაიწყო

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო მოკვლევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. კერძოდ, 2021 წლის 8 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო მასალა, სადაც ასახულია არასრულწლოვანი გოგოს ნიშნობა.

ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია, რის შესახებაც დაუყოვნებლივ მოხდა სამართლდამცავი უწყების ინფორმირება.

„სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ ხშირია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, ნიშნობის მანკიერი პრაქტიკა. საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლილი საქმეები მიუთითებს, რომ აღნიშნულ შემთხვევებს უმეტესად იძულებითი ქორწინების ფორმა აქვს და თავისუფლების უკანანო აღკვეთის ან მშობელთა შორის გარიგების შედეგია. სახელწიფოს მიერ ამ მიმართულებით, მათ შორის, პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები, სათანადოდ არ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამართალდამცავი უწყების და ბავშვზე ზრუნვის ორგანოს მხრიდან აღნიშნულ ფაქტზე მყისიერ რეაგირებას, ქორწინების იძულების აღკვეთასა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფის შემთხვევის შესწავლას. აუცილებელია არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან მუშაობა. ამასთან, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს საზოგადოებასთან მუშაობა ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

„ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აცხადებს შსს.