მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, შევინარჩუნებთ მშვიდობას - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის სხდომის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ყველა საერთაშორსო დონეზე მხარს უჭერს პოლიტიკურად.

„პირველ რიგში მე მინდა დავიწყო ჩემი სოლიდარობის გამოხატვით კიდევ ერთხელ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია, რაც ხდება უკრაინაში. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით, მინდა გამოვხატო სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინის მიმართ.  ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა საერთაშორისო დონეზე მხარი დავუჭირეთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ.

დღეის მდგომარეობით, 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს. პროცესს გავაკონტროლებთ, რომ უკრაინაში ჩვენი არც ერთი თანამოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ.

ყველასთვის არის ომი კატეგორიულად მიუღებელი და ის, რაც ხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ყველა ვლოცულობთ, რომ მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და ის ტრაგედია, რომელიც ხდება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. იმედი გვაქვს, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მალე დასრულდეს ეს ომი“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა შიდა პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრა, განცხადების ბოლოს კი აღნიშნა, რომ მიუხედავად პროვოკაციებისა და გამოწვევებისა, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება.

„მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, – თქვა მან.