ვიდეო ► პენიტენციური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტრის, მიხეილ სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, კადრები ასახავს შესახლებისა და მინისტრისვე შეფასებით, სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, ასევე სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს.

რატი ბრეგაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვიდეოკადრები აქარწყლებს სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებას სააკაშვილის შესახლებასთან დაკავშირებით.

მან ბრიფინგზე გვარამიას განცხადებიდან ციტატა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ეს არის სიცრუე:

„მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხემდე მანქანით მიიყვანეს, მაგრამ ბოლო 30 მეტრი მანქანით არ გაატარეს და სპეციალურად პატიმრების კორპუსთან გადმოიყვანეს. როგორც კი მანქანა გაჩერდა, დაიწყეს გინება, თუმცა არავის უნდა სცოდნოდა, რომ იმ მანქანაში სააკაშვილი იყო. იმ ადგილიდან გადმოათრიეს, ათრიეს 30 მეტრი და ასე მიიყვანეს საავადმყოფოს კორპუსთან“.

ბრეგაძე კი ამბობს ეს განცხადება არის სიცრუე და რეანომობილი პირდაპირ დაწესებულების კართან გაჩერდა. მისივე თქმით, აღნიშნულს ადასტურებს კიდეც გავრცელებული კადრები.

„ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, სად გაჩერდა რეანომობილი, რომლითაც პატიმარი სააკაშვილი გადავიყვანეთ მე-18 დაწესებულებაში. ნათლად დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის გაჩერებული პირდაპირ დაწესებულების კარებთან, სადაც მას ვერავინ დაინახავდა. მსგავსი ტიპის წვრილმან სიცრუეებზე არის აგებული მთელი მათი კამპანია. ეს რაც შეეხება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც თითქოსდა ჩვენ ვახორციელებთ ამ პატიმრის მიმართ.

თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და უნდა შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში, ამ დროს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომლებს. ამ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს როგორც ინსპექტორი, ასევე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია”, – აცხადებს ბრეგაძე.

მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ აცხადებდა, რომ ის გლდანის დაწესებულებაში მოტყუებით მიიყვანეს. მისი თქმით, მას უთხრეს, რომ გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში. მას შემდეგ კი, რაც აღმოაჩინა, რომ გლდანში იყო გადაყვანილი, გაუწია წინააღმდეგობა.

„შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა… მე ვალდებული ვიყავი, გამეწია ფიზიკური წინააღმდეგობა ძალადობისთვის, მაგრამ მე აქ მარტო ვიყავი, ხოლო თქვენ გარეთ ხართ უამრავი და ვერავინ დაგამარცხებთ“, – აცხადებდა სააკაშვილი მხარდამჭერებისადმი მიწერილ წერილში.

რა უთხრეს სააკაშვილს, სად გადაჰყავდათ ის? – ეს შეკითხვა დღეს იუსტიციის მინისტრს დაუსვეს. მან განაცხადა: „მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში… იცოდა, რომ გადადიოდა სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას, სად იქნება ის გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ პენიტენციური სამსახური, მისი ჯამრთელობისა და უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე“.