კულტურის სამინისტრო კომპიუტერული თამაშის - „დიდგორის“ თრეილერს აქვეყნებს

პუბლიკა

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით კომპიუტერული თამაში „დიდგორი“ იქმნება, – ამის შესახებ სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით კომპიუტერული თამაშის თრეილერის პრეზენტაცია შედგა.

„თამაში კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული  თამაშის შექმნა“ გამარჯვებული პროექტის, „ძლევაი საკვირველის“ ფარგლებში შეიქმნა. კონკურსში კომპანია „სილესტიალ დიმენშენმა“ გაიმარჯვა.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა სახელმწიფო აფინანსებს კომპიუტერული თამაშის შექმნას.

„სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით“, – ამბობს სამინისტრო.

კულტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება.

„დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე). მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს“, – ამბობს სამინისტრო.

კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ კომპიუტერული თამაშის შექმნის პროცესში პროექტის გუნდს კონსულტაციას უწევდა ისტორიკოსი, დავითის პერიოდის მკვლევარი მიხეილ ბახტაძე.