112-ის კამერების ჯგუფურად დაზიანებაში ბრალდებული გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე პატიმრობაში რჩებიან

პუბლიკა

112-ის სამეთვალყურეო კამერების ჯგუფურად დაზიანებაში ბრალდებულები გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

საქმე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა კალიჩენკომ განიხილა.

გურამ ხუტაშვილსა და დანიელ მუმლაძეს პროკურატურა რუსთაველის გამზირზე 112-ის 11 სამეთვალყურეო ვიდეოკამერის განზრახ დაზიანებას ედავება. უწყების მიხედვით, ზიანმა 12 100 ლარი შეადგინა.

ბრალდებულები ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებენ და მზად არიან, აანაზღაურონ ზიანი.

სასამართლო პროცესზე მხარეებმა უდავოდ ცნეს მტკიცებულებები.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის ეტაპზე პროკურატურა მათთვის შეფარდებული პატიმრობის გახანგრძლივებას მოითხოვდა. პოზიცია პროკურორმა თამარ იაკობიძემ სტანდარტული არგუმენტებით დაასაბუთა – არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე.

დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ პროკურატურამ სწორხაზოვანი და კონტექსტის გაუთვალისწინებელი პოზიცია წარადგინა.

გურამ ხუტაშვილის ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ბრალდებულები პირველივე დღიდან აღიარებენ დანაშაულს, მზად არიან ზიანის ასანაზღაურებლად და არ არიან წარსულში ნასამართლევი – ამ ყველაფერს კი პროკურატურა არ ითვალისწინებს.

ადვოკატმა სასამართლოს გურამ ხუტაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ 1000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. მისი თქმით, გურამ ხუტაშვილი სოციალურად დაუცველია.

დანიელ მუმლაძის ადვოკატი ომარ ფურცელაძე ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულებზე, რომელთაც წარსულში არასდროს ჩაუდენიათ ამგვარი ქმედება, არ შეიძლება ახალი დანაშაულის რისკზე საუბარი, არ არსებობს მიმალვის საფრთხე და ბრალდებული თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ადვოკატის თქმით, დანიელ მუმლაძეს ჰყავს სამ წლამდე შვილი და ფიზიკური შრომით უზრუნველყოფდა ოჯახს, ბავშვის კვებას, ბინის ქირას და სხვა ხარჯებს. ასევე, დანიელ მუმლაძეს არ აქვს პასპორტი და არასდროს გადაულახავს საზღვარი.

მან სასამართლოს 3000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

თავად დანიელ მუმლაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ არ აქვს მიმალვის განზრახვა.

„მიმალვასთან დაკავშირებით, არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობს ფიზიკურად და პირიქით, აქეთ ჩავერთე მათ საქმიანობაში, არ გავქცეულვარ და არც რამე ზედმეტი…“, – თქვა მან.

ამის მიუხედავად მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვება გადაწყვიტა.

მისი პოზიციით, ბრალად წარდგენილი მუხლი მძიმე კატეგორიის დანაშაულია და საქმის გარემოებები ორივე ბრალდებულს არაკანონმორჩილად ახასიათებს. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქმის მასალებში ასევე მოხსენიებული არიან არაიდენტიფიცირებული პირები. საბოლოოდ, მან ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.


„რადიო თავისფლების“ ცნობით, გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძე თანამშრომლები და მეგობრები არიან. ისინი ერთად მუშაობდნენ გია ჭანტურიას ქუჩაზე, პარლამენტიდან 280 მეტრით დაშორებულ რესტორან „ზოდიაქოში“.

სწორედ „ზოდიაქოდან“ გამოდიოდნენ დაკავებულები 4 დეკემბერს ღამით, როცა, მათი ჩვენებების თანახმად, ორი ნიღბიანი დემონსტრანტი კიბით ხელში დაინახეს.

„კიბე მიჰქონდათ, მიხმარება სთხოვეს და მიეხმარნენ. არ უარყოფენ, რომ კიბეზე მორიგეობით დანიელი და გურამი ადიოდნენ და კამერებს აზიანებდნენ, სხვადასხვა ფორმით“, – უყვება „რადიო თავისუფლებას“ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის, გურამ ხუტაშვილის დაკითხვის ოქმის მოკლე შინაარსს.