ჟურნალისტი ეკა ხოფერია აფხაზეთის ა/რ-ის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას ის „პუბლიკასთან” საუბრისას ადასტურებს.
„დღეს დავინიშნე აფხაზეთის ა/რ-ის განათლების და კულტურის მინისტრად. ბრძანება დღეს დაიწერა. დღეს, შეიძლება ითქვას, რომ პირველად წავალ სამინისტროში, სადაც წარმადგენს ბ-ნ რუსლან აბაშიძე. ეს შემოთავაზება, რასაკვირველია, რუსლან აბაშიძისგან მივიღე. სამინისტროსთან ჩემს გამცემლობას ჰქონდა პროექტი „მე აფხაზეთისთვის“, რომელიც ჩვენ ახალგაზრდულ დეპარტამენტთან გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, იმ პროექტის შემდეგ გაჩნდა ეს იდეა, იმიტომ, რომ როდესაც ეს პროექტი მორჩა, დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკა და შემომთავაზა. მეც, ბუნებრივია, ვიფიქრე რამდენიმე დღე და დავთანხმდი, რადგან ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად საინტერესოა“, – ამბობს ეკა ხოფერია „პუბლიკასთან“ საუბრისას.
შეკითხვაზე – აქვს თუ არა სამომავლო გეგმები? – ხოფერია გვპასუხობს, რომ კონკრეტულ გეგმებზე დღეს ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ეცდება ბევრი იშრომოს და „სერიოზული შედეგები დადოს“.
„დღეს ძალიან გამიჭირდება სამომავლო გეგმებზე საუბარი. ვიტყვი, რომ ყველა მიმართულებით ვიმუშავებ – განათლება, სასკოლო თუ სკოლამდელი, პროფგანათლება, კულტურის მიმართულება, მეცნიერება და ისტორიული მემკვიდრეობა აფხაზეთში – სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებია გასაკეთებელი. ასე კონკრეტულად დღეს ვერაფერს გეტყვით – არასერიოზულიც იქნება. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ვეცდები ყველანაირად, რომ ბევრი ვიშრომო და სერიოზული შედეგები დავდო“, – აღნიშნა ეკა ხოფერიამ.