საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მწვანე პასპორტის“ კონცეფციის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს კოვიდსაბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს.
ღარიბაშვილის თქმით, 1 დეკემბრიდან ამოქმედდება „მწვანე“ პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მოქმედების არეალი.
ვინ იქნება მწვანე პასპორტის მფლობელი?
პრემიერის განმარტებით, მწვანე სტატუსი ექნება – სრულად ვაქცინირებულ პირს; ან პირს, რომელსაც ბოლო 72 საათში ჩატარებული აქვს პსრ ტესტი, ან 24-საათიანი ანტიგენტესტი; ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
ღარიბაშვილის თქმით, ყველა პირი, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, მიიღებს „მწვანე“ სტატუსს, განურჩევლად იმისა, თუ როდის გადაიტანა და გასულია თუ არა 6-თვიანი პერიოდი ინფიცირებიდან. მისი თქმით, 6-თვიან პერიოდთან დაკავშირებული დათქმა ამ შემთხვევაში არ იმოქმედებს.
მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის
სად შეძლებენ „მწვანე“ პასპორტის მფლობელები შესვლას?
ღარიბაშვილის თქმით, დეტალური ჩამონათვალი დაწესებულებების სადაც მხოლოდ „მწვანე“ პასპორტით შეძლებენ შესვლას პირები, მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას:
- კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში;
- კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში;
- გასართობ ცენტრებში;
- სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე;
- სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში;
- სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე;
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.