12 ახალი შემთხვევიდან სამ შემთხვევაში წყაროს მოძიება გრძელდება – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევიდან 5 პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, 2 ახალი შემთხვევა ე.წ. გაჩიანის წყაროს უკავშირდება, 2 იმპორტირებულია, 3 შემთხვევაში კი წყაროს მოძიება გრძელდება.

ეზუგბაიას განცხადებით, არსებული მონაცემებით, 196 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში.

ინფექციურ საავადმყოფოში კი ამ დროისთვის მკურნალობს 30 პაციენტი, ორი მათგანის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე, თუმცა ეზუგბაიას ცნობით, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი ფასდება, როგორც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1085;
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 911;
• მათ შორის გარდაცვლილი – 16;
• კარანტინის რეჟიმში – 5724;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247;
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;