12%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ სსრკ-ის დროს ქართული კულტურა დაცული იყო - კვლევა

პუბლიკა

„ზინქ ნეთვორქის“ და „CRRC საქართველოს“ კვლევის ფარგლებში მოსახლეობას შეკითხვები დაუსვეს კონსპირაციული და პროპაგანდისტული ნარატივები შესახებაც.

კვლევის თანახმად, 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, 2023 წლის იანვარში მნიშვნელოვნად შემცირდა (12%-ით) მოსახლეობის წილი, ვინც ფიქრობს, რომ ქართული კულტურა, რელიგია და ღირებულებები საბჭოთა კავშირში დათრგუნული იყო:

  • 43% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართული კულტურა და ფასეულობები უკეთ იყო დაცული;
  • 34% კი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ქართული კულტურა და ფასეულობები დათრგუნული იყო;
  • 8% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება;
  • 15% უარს ამბობს პასუხზე.

ამავე კვლევის თანახმად, შემცირდა იმ მოსახლეობის წილიც, ვინც ფიქრობს რომ ქართველებმა სტალინით უნდა იამაყონ:

„პატრიოტი ქართველი უნდა ამაყობდეს, რომ სტალინი ქართველი იყო“, – ამ მოსაზრებას მოსახლეობის 37% ეთანხმება, არ ეთანხმება 31%; ხოლო 17% ნეიტრალურად არის განწყობილი.


კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შედგა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წარმოებდა. ცდომილების საშუალო ზღვარია:  +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.