„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეკომპანია პირველთან საუბრობს სასამართლოს რეფორმის მისეულ ხედვაზე.
იგი ერთ-ერთ გამოსავლად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაზრდას მიიჩნევს.
„კულუარულად აღარავინ უნდა იმსჯელოს მომავალში, ღარიბაშვილი, ან კახი კალაძე უნდა მიეცეს პასუხისგებაში თუ არა, 12-მა თბილისელმა, ნაფიცმა მსაჯულმა, გადაწყვიტოს ამ წლების განმავლობაში ფული მოიპარა თუ არა კახი კალაძემ” – თქვა მან.
ნიკა მელიამ კვლავ რამდენჯერმე ახსენა 12 თბილისელი ნაფიცი მსაჯული. მსჯელობის დასარულს კი თქვა: „არ შეიძლება 12-მა თბილისელმა, 12-მა ზუგდიდელმა, 12-მა ქუთაისელმა გადაწყვიტოს არის თუ არა კორუმპირებული…?”
აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა სიის შედგენა არ ხდება იმის მიხედვით, თუ რომელ ქალაქს წარმოადგენენ ისინი.
თითოეული სისხლის სამართლის საქმისათვის ამ საქმის განმხილველი მოსამართლე საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული, 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს სიას.
ნაფიცი მსაჯულები ტერიტორიული ნიშნით ერთადერთი დათქმით შეირჩევიან და ეს არის დასავლეთ ან აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრების ფაქტი. იმისდა მიხედვით, საქართველოს რომელ ნაწილში მდებარე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი.