„12 საათზე გუმათჰესთან" - გოლეთიანი თავისუფალი გადაადგილების მოთხოვნით შეკრებას აანონსებს

პუბლიკა

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი, 4 აპრილს, 12 საათზე გუმათჰესთან საპროტესტო შეკრებას აანონსებს. 3 აპრილს ამ ადგილას პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი და მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს რიონის ხეობისკენ არ უშვებდა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოსახლეობის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ სურდათ შეერთებოდნენ სოფელ ნამოხვანში პროტესტს, თუმცა ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევდა.

„ჩვენ მშვიდობიანად მოვითხოვოთ უფლება, რომ ხალხი გადმოადგილდეს უპრობლემოდ ნამოხვანის მიმართულებით. ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი მოთხოვნა”, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ხეობაში სიმშვიდეა, თუმცა იქ დიდი რაოდენობით პოლიციელი რჩება.

„ახლა ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა. ჩვენც კარვებში ვართ. მადლობა ღმერთს, არავის მოუვიდა თავში აზრად, რომ ჩვენი კარვების დარბევა დაეწყო დღეს, თუმცა რა თქმა უნდა, არც ამისგან არ ვართ დაზღვეულები”, – ამბობს ის.

გოლეთიანი ასევე გამოეხმაურა ხეობაში ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის „ენკას” ახალი დირექტორის ჩასვლის საკითხს და აღნიშნა, რომ:

„ეს იყო აბსოლუტურად უსუსური და ემოციური გამოსვლა მისი მხრიდან, ყველაფრით აჩვენა ადამიანმა, რომ საერთოდ საკითხს არ იცნობს, ოდნავადაც და ახლა უბრალოდ მოვიდა და ნახევრად ძველბიჭური ტონალობით ცდილობს, რომ დაალაგოს ეს პრობლემა და ეს ურთიერთობები. რაც, ვფიქრობ, რომ განწირულია წინასწარ, მას ეს არ გამოუვა, თავისთავად ცხადია”, – განაცხადა გოლეთიანმა.


3 აპრილს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობამ სამუშაოების განახლება გააპროტესტა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. დააკავეს აქციის 2 მონაწილეც.

გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მ. მათი თქმით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე „დროებით შეიზღუდა უსაფრთხოების მიზნით”.