12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისის მასშტაბით გაიმართება

პუბლიკა

გაატარე ერთი დღე ილიას სამყაროში! – ამ სლოგანით, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდისა“ და საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს წელს უკვე მეშვიდედ ხორციელდება პროექტი – „დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია“.

პროექტის მთავარი მიზანია ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ფენომენის  პოპულარიზაციასთან ერთად, ილიას პოლიტკონიუნქტურის გარეშე გადააზრების ხელშეწყობა.

ღონისძიებების ფორმატი ყოველ წელს განსხვავებულია. წელს აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მრავალფეროვანი თემატური დატვირთვა ექნება.

12:30 საათზე – ღონისძიება გაიხსნება სიონის ტაძრის ეზოში, საიდანაც დაიწყება მსვლელობა მთაწმინდის პანთეონისაკენ. პროცესია გაივლის იმ გზას, რა გზითაც დაკრძალვის დღეს გააცილეს ილია უკანასკნელ გზაზე.

14:00 საათზე – მთაწმინდის პანთეონში შედგება პუბლიცისტის, მწერლისა და ჟურნალისტის იოსებ ჭუმბურიძის ახალი წიგნის „ილია, ანუ დიდი ანალოგოსი“ პრეზენტაცია.

19:00 საათზე – რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ, ღია სცენაზე გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც გაიცემა  „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდო – „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ და  გახდება ცნობილი, ვინ იქნება პრემიის წლევანდელი ლაურეატი. შემდეგ წარმოადგენენ სპექტაკლს – „საუკუნის მკვლელობა“ (ილიას ცხოვრება და მკვლელობა. ავტორი და რეჟისორი გიორგი სავანელი).

პროექტის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა „დავითიანნი“, ნ. დუმბაძის სახ. სახელმწიფო თეატრი, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“, საზოგადოებრივ პოლიტიკური გამოცემა „პუბლიკა“ და პორტალი „კვირა.ჯი“.

ღონისძიებებზე დასწრება, როგორც ყოველთვის, თავისუფალია.