ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 12 წლის ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში იქნება მიღებული.
„ბავშვების ნაწილი რჩება ბინაზე, მშობლები უფრო თამამად ართმევენ თავს ბავშვების ბინაზე მართვას. იყო მცირე რაოდენობა მძიმე შემთხვევების, რომლებიც კლინიკაში რჩებიან და იმართებიან. მატება პროპორციულად ბავშვთა ასაკში აღარ აღინიშნება, პირველი ნაკადის შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა.
12 წლის ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც კიდევ უფრო მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ავტორიტეტული ორგანიზაციები ამას უკვე აკეთებენ და ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.