„თქვენი საცირკო ნომერი დამთავრდა“ - სამხარაძის შეურაცხმყოფელი მიმართვა სამადაშვილს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტს განიხილავენ, ხმაური იყო.

დეპუტატები ოპოზიციური ფრაქციებიდან მოუწოდებდნენ კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს, რეზოლუციის შინაარსის განხილვაზე გადასულიყო. კომიტეტის თავმჯდომარემ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა დეპუტატ სალომე სამადაშვილის მიმართ.

„თუ ხართ ამ კომიტეტის თავმჯდომარე, დღეს ჩვენ ვმსჯელობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, თუ შეიძლება რომ გადავიდეთ იმის მსჯელობაზე, რაც არის მნიშვნელოვანი, რასაც ელოდება არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ – ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც… გეჩრებით იმიტომ, რომ ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა.

დასაკარგი დრო არავის არ გვაქვს აქ და კლოუნადის საყურებლად არ მოვსულვართ. ისაუბრეთ, რაც არის არსებითი საკითხი და აუხსენით საზოგადოებას თქვენი რეზოლუციის შინაარსი“,  – მიმართა სალომე სამადაშვილმა ნიკოლოზ სამხარაძეს.

„ნერვები დაიმშვიდეთ, დამშვიდდით, ნუ უზრდელობთ… დაგველოდეთ. მე გადავწყვეტ, როდის გადავალთ საკითხის განხილვაზე… ყოჩაღ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ. ველოდებით მომდევნო საცირკო წარმოდგენას მომდევნო კომიტეტზე“, – მიმართა ნიკოლოზ სამხარაძემ სალომე სამადაშვილს.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ არა ერთხელ მიმართა სალომე სამადაშვილს ფრაზით – „ნუ უზრდელობთ“, შემდეგ კი მანდატურებს მოუწოდა, უზრუნველეყოთ წესრიგის დაცვა.

„არ მოგისმენთ… ქალბატონო სალომე. არ მჭირდება თქვენი მითითებები და დამიწყნარდით რა. გთხოვთ, წესრიგი დაიცვათ, თუ არადა გავაძევოთ დარბაზიდან… თქვენი საცირკო ნომერი დამთავრდა, ქალბატონო სალომე“, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატ სალომე სამადაშვილს.

საქართველოს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე უკრაინის მხარდასაჭერ რეზოლუციას ამ წუთებშიც განიხილავენ. ოპოზიცია მოითხოვს, რეზოლუციაში ჩაიწეროს რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დაუჭერენ მას მხარს.