როგორ გამოეხმაურნენ ოპოზიციურ პარტიებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას

პუბლიკა

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას. 

გუშინ, 17 აპრილს, უვიზო მიმოსავლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ,- „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“

პაპუაშვილის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის კომენტარი, გავრცელებული თავისივე ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე, რომელშიც სუბარი ამბობს, რომ „ნამდვილად არ აქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს“, დღეს უკვე იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა წინო წილოსანმა, რომელშიც წილოსანი წერს, რომ მართალია უვიზო მიმოსვლა კომფორტულია, მაგრამ „თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად.“

პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია. გახარია ფიქრობს, რომ „ოცნება“ ცდილობს „წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას.“

„გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში „ოცნება“ ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის – ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად“,- წერს გახარია.

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი თავს სანქციები რომ აირიდოს, თავის ამომრჩეველს უვიზო მიმოსვლას უუქმებს.

„უვიზო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ იმიტომ განიხილება, რომ ბიძინაზე და მის მარიონეტებზე დამიზნებულ სანქციებს კონსენსუსი სჭირდება და უნგრეთი ბლოკავს რეჟიმის თხოვნით. უვიზოს შეჩერება უბრალო უმრავლესობით, უნგრეთის გარეშე შეიძლება. ანუ ბიძინამ საკუთარი თავიდან სანქციები რომ აირიდოს, თავის ამომრჩეველს უვიზოს უუქმებს – რა ენაღვლება, თვითონ და თავისი ოჯახი ხო საფრანგეთის მოქალაქეები არიან“, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საკითხს გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „პალიტრანიუსის“ ეთერში. ის ფიქრობს, რომ ის სამართლებრივი საფუძველი, რაც არსებობს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა.

„უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი პრივილეგია, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მხრიდან. ეს არის პრივილეგია, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ღირებულებებზე, ფასეულობებზე, რომელთა არამხოლოდ მასობრივი დარღვევა, არამედ ფეხქვეშ გათელვა ხდება ყოველდღიურად ივანიშვილის რუსული ოცნების მხრიდან. ამიტომ, ის სამართლებრივი საფუძველი, რაც არსებობს უვიზო მიმოსვლისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის, აღიგავა, მოსპო და გაანადგურა ბიძინა ივანიშვილმა“,- თქვა ბოკუჩავამ.

ამ თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე,- : „ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების!“ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია! ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!“ – წერს ის.

სოციალურ ქსელშივე პოსტი დაწერა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ:

„იმედია, ქოცს მანამდე გადავაგდებთ, ვიდრე უვიზოს მოხსნა გადაწყდება! აბა რუსეთთან შეკრულ და ირანთან და ჩინეთთან გადაფსკვნილ, ევროპის მაგინებელ და დამაზიანებელ ავტოკრატიულ რეჟიმს, არჩევნების მომპარავ, ხალხის დამრბევ და ციხეში ჩამყრელ დემოკრატიის დამაქცევრებს უვიზოს არავინ არ დაუტოვებს. თავი არ მოვიტყუოთ და სხვას არავის დავაბრალოთ! უვიზოს მოხსნა = ბიძინას! ცეცხლი ოლიგარქიას!“,- წერს გავარამია.

„სტრატეგია – აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცახდებს, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა რეალურად საფრთხეშია.

ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის ჩვენი ევროპული პასპორტი და ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ივანიშვილი საქართველოს ტოვებს მარტოს, დაუცველსა და გარიყულს. რაში გვჭირდება რეჟიმი, რომელიც ევროპასთან უვიზო მიმოსვლას საფრთხის ქვეშ აყენებს, ძალადობს მოქალაქეებზე და ძარცვავს ხალხს?”- განაცხადა ვაშაძემ.

მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება ყველაზე მეტად მძიმე იმ ოჯახებისთვის იქნება, რომლებსაც ახლობლები ევროპაში ჰყავთ. ასევე მძიმე დარტყმა იქნება ბიზნესზე, საგანმანათლებლო, სამოგზაურო და სხვა ურთიერთობებზე.

„ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება. უვიზო მიმოსვლა ძალიან კონკრეტულ პირობებსა და პრინციპებს ეფუძნება. არ შეიძლება ევროკავშირს მტერს და „გლობალურ ომის პარტიას“ ეძახდე, არჩევნებს იპარავდე, ქვეყანაში დემონსტრანტებს სასიკვდილოდ სცემდე, პოლიტპატიმრები გყავდეს და თან მოლოდინი გქონდეს, რომ ის ისევ შემოგხედავს, როგორც მეგობარს და ოჯახის კარს სიხარულით გაგიღებს“,– აცხადებს ლევან ცუცქირიძე.