„ოცნების“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის თქმით, „მედიის კანონს“ დაემატება ჩანაწერი ონლაინმედიის რეგულირებისთვისაც.
„როგორც პირველი მოსმენით ჩვენს გუნდთან შეთანხმებით გაჟღერებული იქნა, რომ ე.წ. ონლაინმედიებზეც უნდა გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტი, რაც ზოგადად მაუწყებლებისთვისაა გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და სხვადასხვა საშუალებით ხდება ინფორმაციის გავრცელება, ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს.
წარმოდგენილ კანონპროექტში განიმარტება, თუ რა არის ინტერნეტმომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება დეფინიცია, რომლის მიხედვითაც: ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალების განკუთვნილ ინტერნეტდომეინზე ანდა ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის, სოციალურ ქსელში, ინფორმაციის განთავსება.
ინტერნეტმედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ფლობს ან სხვასთან ერთად იყენებს ინტერნეტდომეინს და ინტერნეტჰოსტინგს“, – თქვა გორდულაძემ.
მისივე თქმით, მეორე მოსმენით განსახილველად პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, შინაარსი კიდევ უფრო დაზუსტდეს.
გორდულაძემ დააზუსტა, რომ ეს არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, შეეხება ორგანიზაციებს, „რომლებიც საკუთარ თავს მედიას უწოდებენ და წარმოადგენენ მედიას“, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, აქვთ ვებგვერდი ან აპლიკაცია.
მისივე თქმით, ონლაინმედიების შემთხვევაში „ინტერნეტმედიამომსახურების მიმწოდებლის“ პასუხისმგებლობა იქნება პირველ შემთხვევაში გაფრთხილება, გაფრთხილების მიუხედავად დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაძლებელია, კომუნიკაციების კომისიამ გამოიყენოს ჯარიმები, ბრუნვის 0.5%, 1%, 3%-ის ოდენობით.
ამავდროულად, შესაძლებელია, შესაბამისი ინტერნეტდომეინის ან ინტერნეტჰოსტინგის ფუნქციონირების შეწყვეტაც. გორდულაძის თქმით, ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ.
კანონპროექტი მეორე მოსმენით განსახილვლელად მიმდინარე კვირაში გავა.