ჩვენ ვართ გამიჯნულნი, ისინი თავად გაგვემიჯნნენ - პრემიერი „ხალხის ძალაზე“

პუბლიკა

„ჩვენ ვართ გამიჯნულნი, რა თქმა უნდა. ისინი თავად გაგვემიჯნნენ“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა არ ეთანხმება მათ პოზიციებს და ამ პოზიციების გამოხატვის ფორმას.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „ოცნების“ გუნდსა და „ხალხის ძალას“ შორის ღირებულებით ნაწილში რამე არსებითი განსხვავება არ არის, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ისინი ერთად დარჩნენ.

„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ვართ დემოკრატიული საზოგადოება და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეისა და იდეოლოგიის განვითარებას და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი არის მისაღები.

ჩემთვის პირადად, ჩვენ გვქონდა გუნდში საუბარი ამ საკითხებზე და მათ ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატვა.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ბევრი გამოწვევა, ნაწილი ტერიტორიებისა არის ოკუპირებული და გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე…

ის ღირებულებითი განსხვავება, რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან არის შემდეგი: ისინი მართავდნენ ქვეყანას დიქტატორული, ავტოკრატიული მეთოდებით. ღირებულებები ეს არის, ადამიანის უფლებები, თავისუფლება, ქვეყნის სიყვარული და ა.შ.

ჩვენ ვართ გამიჯნულნი, რა თქმა უნდა. ისინი თავად გაგვემიჯნნენ. ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომ ვართ გამიჯნულები“, – განაცხადა პრემიერმა.

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების მოძრაობა „ხალხის ძალას“ 4 ოქტომბერს ახალი წევრები შეემატნენ.

მათ შეუერთდა 5 პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე.

ექსპერტები: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და ივანე შაიშმელაშვილი.

მოძრაობის პარლამენტარი წევრები უმრავლესობის წევრებად რჩებიან.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „პოსტვ“ „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა გახდა. არხის 52% მოძრაობის ახალმა წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა.