შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 5,6%-ით გაიზარდა - საქსტატი

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში 2021 წელს წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტი ნებართვაა გაცემული.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს გაცემული ნებართვების რაოდენობა 10 095-ს შეადგენს. ამავე სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა ჯამში 7 434,5 ათასი კვ.მ ფართობზეა გაცემული. ეს ფართობი, წინა წელთან შედარებით 42,8%-ით მეტია.

„ნებართვების 74,4% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8% ქ. თბილისზე, 9,2% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8,5% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7,9% – იმერეთის რეგიონზე“, – აღნიშნულია კვლევაში.

როგორც საქსტატი აღნიშნავს, 2021 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

„გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 29.5 პროცენტი – ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი – მცხეთამთიანეთის რეგიონზე, ხოლო 9.5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე“, – ვკითხულობთ კვლევაში.


საქსტატის ცნობით, სულ, 2021 წელს ექსპლუატაციაში მიიღეს 1 759.8 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტი) 2 347 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 10.0 პროცენტით მეტი).