თელავის თეატრის დირექტორად ისევ პაატა გულიაშვილი დაინიშნა, კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, ისევ პაატა გულიაშვილის დანიშვნის შესახებ. უწყების ცნობით, კონკურსში მხოლოდ ზემოხსენებული კანდიდატი მონაწილეობდა.

სამინისტროს ცნობით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გულიაშვილი აღნიშნულ პოზიციას ოთხი წლის ვადით დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება გუშინ გამოიცა.

გულიაშვილი თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მე-3 ვადით დაინიშნა – პირველი ოთხწლიანი ვადით 2012 წელს დაინიშნა, მეორე ვადით კი – 2017 წელს.

„მოცემულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ზემოხსენებულმა კანდიდატმა მიიღო, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ სარეკომენდაციო საბჭოს პაატა გულიაშვილის კანდიდატურა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 24 იანვარს წარუდგინა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად (დებულება მინისტრის ბრძანებით 2021 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა), სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, უწყება წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგინებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს მინისტრს თავისი რეკომენდაცია.