13 ინფიცირებულიდან 2 პაციენტი აპარატულ სუნთქვაზეა – ექიმი

პუბლიკა

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” ხელმძღვანელის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე 57 პაციენტია მოთავსებული, მათგან 13 კორონავირუსითაა ინფიცირებული.

„ტელეკომპანია პირველთან” ინტერვიუში ტურძელაძე ამბობს, რომ 13 ინფიცირებულიდან 2 პაციენტი აპარატულ სუნთქვაზეა სტაბილურად მძიმე მდგომარეობით და მათ აქვთ მძიმე ფორმის სუნთქვის უკმარისობა.

ექიმის თქმით, ერთ-ერთი მათგანი 80 წლის ქალბატონია, რომელსაც თანდაყოლილად აქვს გულის უკმარისობა და შაქრიანი დიაბეტი. მეორე პაციენტი კი 62 წლის ქალბატონია, რომელიც მარნეულიდან ფილტვების ანთებით გადმოიყვანეს.

რაც შეეხება კლასტერებს, ლალი ტურძელაძის თქმით, 13 ინფიცირებულიდან კლინიკაში 15 მარტს შესულ პაციენტს ბელგიაში ყოფნის ისტორია აქვს, კლინიკაში ასევე მოთავსებულები არიან ე.წ. „ვინოტელისა” და მარნეულის კლასტერები.

მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალბატონთან ერთად კლინიკაში მოთავსებულია მისი ოჯახის 4 წევრი და კიდევ ერთი ორსული ბოლნისიდან, რომელიც ამ ოჯახის ახლობელია.

„ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს დაკვირვება და მკურნალობა. 22 კვირის ორსულია და ვუფრთხილდებით მას. ამჟამად მდგომარეობა მძიმე არ არის, პერიოდულად აღენიშნება დაბალი ტემპერატურა, მეტი ჩივილი ქალბატონს არ აქვს”, – განაცხადა ექიმმა.

ლალი ტურძელაძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვრცელდება თუ არა დედიდან ვირუსი ნაყოფზე, ექიმები ხელმძღვანელობენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. მისივე თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ორსულს სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება, რადგან მას არ აქვს გამოხატული მძიმე სიმპტომები.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთვსებულია სამი ჩვილიც.

„კლინიკაში გვყავს სამი ჩვილი. ერთი იყო მძიმე მდგომარეობაში – რესპირატორული დისტრეს სინდრომი ჰქონდა. ბავშვი საშუალო სიმძიმეზე უკეთეს მდგომარეობაშია. გამოვიდა მდგომარეობიდან, უმჯობესდება, რაც ძალიან გვახარებს. ბოლნისიდან და მარნეულიდან ჩამოიყვანეს ორი ჩვილი, ერთდღიანი ბავშვები, მათი მდგომარეობა მძიმეა და მიმდინარეობს მათზე ძლიერი მეთვალყურეობა”, – განაცხადა ტურძელაძემ.

„პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” ხელმძღვანელის განცხადებით, საავადმყოფო პაციენტების მისაღებად სრულადაა აღჭურვილი, ამჟამად კლინიკაში 50 საწოლი და სუნთქვის აპარატია. 30 საწოლია მობილიზებული სამშობიაროსა და რეანიმაციაში. ის ამბობს, რომ უმჯობესია, სასწრაფომ 37-გრადუსიანი პაციენტები სტაციონარში არ მიიყვანოს და მას სახლში ექიმები დააკვირდნენ, სხვა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი მოთავსდნენ ჰოსპიტალში.

„ნუ დავაკავებთ საწოლებს მსუბუქი პაციენტებით და დავტოვოთ ადგილები ცოტა უფრო სერიოზული პაციენტებისთვის”, – აცხადებს ტურძელაძე.