13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

პუბლიკა

დღეს 13 ივნისს თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა.

2015 წლის 13 ივნისს, ღამით, ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისი-ბეთანიის გზაზე, ვერეს ხეობაში მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 მოქალაქე დღემდე დაკარგულია. დაზარალდა 200-მდე ოჯახი.

ადიდებულმა მდინარემ დატბორა ძაღლთა თავშესაფარი და ზოოპარკიც. ზოოპარკში ასეულობით ცხოველი განადგურდა, ზოგი მათგანი გაიქცა. დაზიანდა ზოოპარკის მნიშვნელოვანი ნაწილი.

დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და შენობებიც. სტიქიის შემდეგ მოქალაქეების დასახმარებლად და გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთვნენ მოხალისეებიც.

დღეს 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალს ყვავილებით შეამკობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 13 ივნისს დაღუპული მათი კოლეგა – ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის დროს ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი უსაფრთხო ადგილზე გამოსვლა ვეღარ მოახერხა.