განახლება: უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა განსაკუთრებული დავალების შესრულებისას დაღუპული დაზვერვის თანამშრომლების სია, რომელთა შორის წერია დენის კირიევი. მათი ცნობით, ეს პირები უკრაინის დაცვაში დაიღუპნენ.
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკავების ოპერაციის დროს მოკლა დენის კირეევი, რუსეთთან უკრაინის მომლაპარაკებელი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. ის ღალატშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მათი წყარო პოლიტიკური წრეებიდან გავლენიანი პირები არიან.
გამოცემის წყაროს მტკიცებით, უშიშროების სამსახურს კირეევის ღალატის მტკიცებულებები, მათ შორის, სატელეფონო საუბრები ჰქონდა მოპოვებული.
დენის კირეევის მოკვლის შესახებ ტელეგრამის არხზე ინფორმაციას ავრცელებს დეპუტატი ალექსანდრ დუბინსკიც.
გამოცემა „ობზერვატელის“ ცნობით, კირეევი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მომლაპარაკებელთა დელეგაციის სიაში არ ეწერა, თუმცა ის შეხვედრებს კიევის წარმომადგენლების გვერდით ესწრებოდა.
კირეევი საბანკო სექტორის ექსპერტი იყო. დენის კირეევი ასევე იყო „ოშადბანკის“ საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2010-2014 წწ.) და „უკრექსიმბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2006-2012 წწ).