ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს – მათი თქმით, სოფელში მიწის დიდი მასა დაიძრა, რამაც ათამდე სახლი ჩაიყოლა. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა.
იმერეთის მხარის ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაზიანებულია 12 სახლი, ე.წ. ,,მახათაძეების უბანში“.
ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ორი კვირაა, რაც მიწა დაიძრა. სახლის კედლებიც ნელ-ნელა გაიბზარა. ერთ-ერთი ადგილობრივი ჰყვება, რომ მან, მისმა ქმარმა, მამამთილმა და ორმა მცირეწლოვანმა ბავშვმა სახლი ორი დღის წინ დატოვეს.
„მე ახლა ქალაქში ვრჩები, მაგრამ აქ არიან ისეთებიც, რომლებსაც თავშესაფარი არ აქვთ და ქუჩაში დგანან მანქანებით – ცლიან, გააქვთ სახლები“, – ამბობს თეონა.
ითხვისის მცხოვრებლები სოფელში შექმნილ ვითარებას, „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას უკავშირებენ.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა „ჯორჯიან მანგანეზსაც“. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე წლებია, „ჯორჯიან მანგანეზი“ მოპოვებით სამუშაოებს არ ახორციელებს.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მოპოვებით სამუშაოებს არ ახორციელებს ითხვისის ტერიტორიაზე. ეს არ არის მიმდინარე მოპოვებითი სამუშაოებით გამოწვეული. წლებია უკვე, აქ არ ყოფილა მოპოვებითი სამუშაოები… ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ… ვაპირებთ, რომ კიდევ მეტი განმარტება მივცეთ ამ საკითხს“, – გვეუბნება კომპანია.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა ჭიათურის მერიის პრესსამსახურსაც. უწყებაში გვითხრეს, რომ მერია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს და ადგილზე ექსპერტები ახლაც არიან ჩასული.
„ახლა მივდივართ იქ, ადგილზე. მერია ეხმარება თავის დაზარალებულ მოქალაქეებს. [რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას] დასკვნა რომ დაიდება, იმის მიხედვით და მანამდე, ბინას ვუქირავებთ დაზარალებულებს. მერია აქამდე დაზარალებულებს დაეხმარათ სახლების დაცლაში. სხვა ამ ეტაპზე ჩვენ არაფერი შეგვიძლია“, – გვეუბნებიან მერიაში.
იმერეთის მხარის ინფორმაციით, გუშინ სოფელ ითხვისში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ჭიათურის მერი, გივი მოდებაძე ჩავიდენ.
„უკვე მუშაობს გეოლოგიური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სიტუაციას და დაადგენს, რამდენად უსაფრთხოა აქ ცხოვრება. გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დადებენ“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.