„14-15 წელი სჭირდება გაწევრებას, შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია“ - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღის წესრიგი, რომლის 100%-ის შესრულებას, მისი გათვლებით, რამდენიმე წელი დასჭირდება. ის ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრებას 14-15 წელი მაინც სჭირდება და საჩქარო არაფერია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან შორი გზა. ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება გაწევრიანებას. შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ 2 წელიწადში, 100%-ზე ავალთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა ამ პუნქტს“, – განაცხადა მან.

24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყანას განსაზღვრული პირობების შესრულება დაევალა.

გაიწერა 12 პუნქტი, რომლის შესრულების პროგრესს ევროკომისია წლის ბოლოს შეაფასებს და ხელახლა იმსჯელებს საქართველოს სტატუსზე.

ევროკავშირის საკითხზე მომუშავე ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა გამოიყენოს უნიკალური შესალებლობა და წლის ბოლოს ამ ორ ქვეყანას უნდა დაეწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უჭირთ პროგნოზი, როგორ გაგრძელდება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა.