„მთლიანობაში, საქართველოში ახალგაზრდების 65% დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე, მათ შორის მშობლებზე ან პარტნიორებზე,“ – ნათქვამია კვლევაში.
საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებები, აღქმები და მოსაზრებები ფრიდრიხ ებერტის ფონდმა (FES) იკვლია.
როგორია ახალგაზრდების ფინანსური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები? – ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც კვლევაშია განხილული.
კვლევაში ნათქვამია, რომ სუბიექტური კეთილდღეობის შესაფასებლად მონაწილეებს ჰკითხეს, თუ როგორ დაახასიათებდნენ თავიანთ საცხოვრებელ პირობებს პირველადი რესურსებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
გამოკითხული რესპონდენტების დაახლოებით ერთი მეოთხედი (26%) ამბობს, რომ მათ შეუძლიათ საოჯახო ტექნიკის შეძენა, თუმცა არ შეუძლიათ ახალი მანქანის ყიდვა. დაახლოებით იმავე რაოდენობის ახალგაზრდა (23%) ამბობს, რომ საკმარისი ფული აქვს მხოლოდ ძირითადი საჭიროებისთვის, ხოლო გამოკითხულთა დაახლოებით ერთი მეხუთედი (22%) აღნიშნავს, რომ შეუძლიათ ტანსაცმლის შეძენა, მაგრამ არ აქვთ საკმარისი ფული მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის.
გამოკითხულთა დაახლოებით 17% არის შედარებით მაღალი სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ამბობს, რომ, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მანქანის (10%), ან ბინის (7%) შეძენა. მხოლოდ 2% ამბობს, რომ მის ოჯახს ფული საკვებისთვისაც კი არ ჰყოფნის, 7% პროცენტს კი შეუძლია საკვების შეძენა, მაგრამ არ აქვს საკმარისი ფული ტანსაცმლისთვის.
კვლევის თანახმად, საერთო ჯამში, საქართველოში ახალგაზრდების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათი შინამეურნეობების მატერიალური პირობები დიდად არ განსხვავდება გარშემომყოფთა (70%) და საქართველოს სხვა მცხოვრებთა (61%) მდგომარეობისგან.
რა არის ახალგაზრდობის ძირითადი საარსებო წყარო? – კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობას (46%) ფინანსურად მშობლები უზრუნველყოფენ, ხოლო გამოკითხულთა 37%-ს საკუთარი შემოსავალი აქვს.
ყოველი ათიდან დაახლოებით ერთი ახალგაზრდა (12%) ფინანსურად პარტნიორზეა დამოკიდებული, ხოლო იგივე რაოდენობა ფინანსურ დახმარებას მშობლებისა და/ან ნათესავებისგან იღებს.
გამოკითხულთა მცირე ნაწილი იღებს სახელმწიფო დახმარებას (7%) და საოჯახო პენსიას (5%), ხოლო გამოკითხულთა ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის შემოსავლის წყარო უძრავი ქონების გაქირავებთ მიღებული შემოსავალი, გრანტი ან სტუდენტური სესხია.
კლვევის თანახმად, მთლიანობაში, საქართველოში ახალგაზრდების 38%-ს აქვს გარკვეული სახის საკუთარი შემოსავალი (ხელფასი, ქირა, გრანტი ან სესხი), 65% კი დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე, მათ შორის მშობლებზე ან პარტნიორებზე, ხოლო 10% იღებს სახელმწიფო დახმარებას (პენსია, სახელმწიფო მხარდაჭერა).
რაც შეეხება შემოსავლის სხვა წყაროებზე დამოკიდებულ ახალგაზრდებს, სხვა ადამიანზე ფინანსურად არის დამოკიდებული 18 წლამდე ასაკის რესპონდენტთა სრული უმრავლესობა, 18-24 წლის ახალგაზრდების ორი მესამედი და 25 წლისა და უფრო უფროსი ახალგაზრდების თითქმის ნახევარი.
„ანალოგიურად, დაწყებითი ან არასრული საშუალო განათლების მქონე რესპონდენტები სხვა ადამიანებზე ფინანსურად უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი, ვიდრე სრული საშუალო ან უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები. დასაქმებული რესპონდენტები ნაკლებად არიან დამოკიდებულნი სხვა ადამიანებზე. რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებას, ასაკობრივი თვალსაზრისით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება: 25-29 წლის ასაკის ადამიანები უფრო მეტად არიან სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულნი. უმუშევარ ახალგაზრდებთან შედარებით, უფრო ნაკლები დასაქმებული რესპონდენტი ასახელებს სახელმწიფო დახმარებას შემოსავლის წყაროდ, „- ნათქვამია კვლევაში
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის მეთოდოლოგია შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს კვლევითმა კომპანიამ R-Research Limited-მა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დასკვეთით და მასთან კონსულტაციის საფუძველზე; საქართველოში 14-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებების, აღქმებისა და მოსაზრებების შესწავლის მიზნით, კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს.
რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1 206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა, სტანდარტული გადახრა კი 14,38 წუთი იყო.