თბილისის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, მერიის ცნობით, იწყება რკინის რიგის N6-დან გორგასალის ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია.
რეაბილიტაციის გამო, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან 28 აგვისტოს ჩათვლით, გორგასალის ქუჩასა და გამსახურდიას სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
მერიის ინფორმაციით, გორგასალის ქუჩიდან გამსახურდიას სანაპიროზე მოხვედრა, ისევე, როგორც გამსახურდიას სანაპიროდან კრწანისის მოედნის მიმართულებით გადაადგილება, შესაძლებელი იქნება გორგასალის ქუჩის გავლით. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა დასაშვები იქნება ორმხრივად.
გორგასალის ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება ოთხ ზოლში. გამსახურდიას სანაპიროსკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ორი ზოლიდან, ერთი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაეთმობა, ხოლო მეორე – კერძო ავტომობილებს. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტი იმოძრავებს ორ ზოლში.
გამსახურდიას სანაპიროზე ორივე მიმართულებით მოძრავ საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტს თითო ზოლი დაეთმობა. მეტეხის ხიდიდან გორგასალის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილებისთვის კი მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება.