14 აპრილამდე Pfizer-ის ვაქცინაზე დასარეგისტრირებლად ადგილები დაემატება – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ფაიზერის“ მიმღებ კლინიკებში დაემატება ამცრელთა ჯგუფები. შესაბამისად, 14 აპრილამდე პერიოდში გამოჩნდება ადგილები და მოქალაქეები კვლავ შეძლებენ აღნიშნული პრეპარატის მისაღებად დარეგისტრირებას.

„ჩვენ წინა დღეებში გვესმოდა ბევრი საყვედური იმასთან დაკავშირებით, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ეს გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გახსნილი ჰქონდა მოდული მხოლოდ 14 აპრილამდე, რაც საბჭოსთან შეთანხმებულია და გეგმის მიხედვით, ჩვენ ვხსნით 2-კვირიან მოდულს რიგის მართვისთვის.

ამ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება საიტების დამატება და, შესაბამისად, შემდეგი დღეების  განმავლობაში მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, დარეგისტრირდნენ ისევ 14 აპრილის ფარგლებში.

დღესდღეობით, დარეგისტრირებულია 14097, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აქედან 10 ათასზე მეტი არის „ფაიზერზე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თბილისის 4 კლინიკაში – ამტელ ჰოსპიტალში, რესპუბლიკურში, კავკასიის მედიცინის ცენტრსა და ბოკერიას კლინიკაში – დაემატება ამცრელთა ჯგუფები და ასევე გაიზრდება ამცრელთა ჯგუფების სამუშაო საათები, რის ხარჯზეც გაიზრდება ვაქცინაციის ჯგუფები.