„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და მისი საქმე გადაიხედოს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის” წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს.
ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს”.
ხელმომწერები:
- ავსტრიის;
- ჩეხეთის;
- დანიის;
- ესტონეთის;
- საფრანგეთის;
- გერმანიის;
- ლატვიის;
- ლიეტუვას;
- ნიდერლანდების;
- ნორვეგიის;
- შვედეთის;
- შვეიცარიის;
- გაერთიანებული სამეფოს;
- უკრაინის საელჩოები.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.