14 წლის აითაჯ შახმიროვას მკვლელობისა და იძულებითი ქორწინების საქმეში ჩავერთეთ - SJC

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აითაჯ შახმიროვას მკვლელობის და იძულებით ქორწინების საქმეში ჩაერთო. ორგანიზაციის ცნობით, ისინი დაზარალებულის უფლებამონაცვლის, მოკლული გოგოს მამის, ისა შახმიროვის ინტერესებს დაიცავენ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” გამოყოფს გამოძიების მიერ გამოკვეთილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს.

„2023 წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 27 წლის ალიმ სადიკოვმა ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით მოკლა 14 წლის აითაჯ შახმიროვა, რომელიც ბრალდებულთან იძულებით ქორწინებაში 2023 წლის ივნისიდან იმყოფებოდა.

აითაჯ შახმიროვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მკვლელობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე 2023 წლის 6 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და მალევე მიმალვაში მყოფი ალიმ სადიკოვი დააკავეს. აგრეთვე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მისი ბიძა და ბიძაშვილი.

ამასთან ერთად, აითაჯ შახმიროვას იძულებით ქორწინებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე 2023 წლის 6 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში დააკავეს მოკლული ბავშვის დედა და ბიძა.

თითოეულ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების მასალებით დგინდება, რომ აითაჯ შახმიროვა დმანისის მუნიციპალიტეტ სოფელ უსეინქენდში ცხოვრობდა და სოფელ ყარაბულახის საჯარო სკოლის მე-9 კლასში სწავლობდა.

2023 წლის ივნისში, 14 წლის გოგო 27 წლის ასიმ სადიკოვმა, მასთან ქორწინების მიზნით მოიტაცა და თავისუფლება აღუკვეთა. გამოძიების მონაცემებით, აითაჯ შახმიროვა და ასიმ სადიკოვი დანიშნულები იყვნენ, თუმცა სადიკოვმა გოგო სრულწლოვანების მიღწევამდე ქორწინების მიზნით მოიტაცა. კერძოდ, 2023 წლის ივნისში, მან აითაჯი მიიყვანა ბიძის, ახლიმან ასლანოვის სახლში და აღუკვეთა თავისუფლება. ამ დღეს, აითაჯმა შეძლო ასლანოვის სახლიდან გამოქცევა, თუმცა საკუთარმა ოჯახის წევრებმა იგი რამდენიმე საათში უკან დააბრუნეს და, სავარაუდოდ, სადიკოვთან ქორწინება აიძულეს.

სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 6 ოქტომბერს სადიკოვმა აითაჯ შახმიროვა კვლავ მიიყვანა ბიძის, ახლიმან ასლანოვის საცხოვრებელ სახლში და მოსთხოვა ეჩვენებინა საიდან და როგორ გაიპარა 2023 წლის ივნისში. აითაჯ შახმიროვამ ბრალდებულს აჩვენა, თუ როგორ შეძლო საცხოვრებელი სახლიდან გაქცევა, რა დროსაც სადიკოვმა მის საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა გოგოს მიმართულებით და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. აითაჯ შახმიროვა მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.

საქმის მასალების მიხედვით, სადიკოვმა მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. ეს გარემოებები მიუთითებს ალიმ სადიკოვის ქმედების წინასწარ განზრახულობაზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებებში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ასევე გამოყოფს გარემოებებს, რომელიც გამოძიების მიერ განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს.

„გამოძიების მასალებით, ჩნდება ეჭვი აითაჯ შახმიროვას მიმართ სექსუალური ხასიათი დანაშაულების ჩადენაზე, რაც საჭიროებს ამ მიმართულებით გამოძიების წარმართვას და ყველა ქმედების იდენტიფიცირებას.

მნიშვნელოვანია, აითაჯ შახმიროვას საქმეზე გამოიკვეთოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, განსაკუთრებით კი სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.

მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში პრევენციული ვალდებულებების შესრულების ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლისა და პასუხისმგებლობების შესწავლაც, მათ შორის, მნიშვნელოვანია გამოძიება დაინტერესდეს იცოდა თუ არა ან უნდა სცოდნოდა თუ არა ადგილობრივ პოლიციას ნიშნობის ფაქტის შესახებ და რა პრევენციული ღონისძიებები გაატარა, იძულებითი ქორწინებისა და სხვა დანაშაულების თავიდან ასაცილებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში საუბარია ბავშვთა ქორწინებასთან ბრძოლის პოლიტიკის გამოწვევებზე.

სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, 14 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის ამბავი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ფემიციდის, იძულებითი ქორწინებისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკაზე სახელმწიფოს რეაგირება და პოლიტიკა კვლავ არასაკმარისი და არაეფექტიანია.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სახელმწიფო მის ვალდებულებებს მოქალაქეების მიმართ ჯეროვნად არ ასრულებს და სოციალური გარიყულობისა და უმოქმედობის სისტემურ პრაქტიკაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა, ხოლო  სახელმწიფოს პოლიტიკა ორმაგად სუსტია.

„მრავალი სოციალური ფაქტორის გამო, ამ რეგიონებში სუსტი და ზედაპირული რჩევა თავად პოლიციის მუშაობა, რომელიც ადგილზე ნდობის შენებას რთულად ახერხებს. სოციალური ზრუნვის სამსახურებისა და შესაბამისი მხარდაჭერის ინტრუმენტები კი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის პოლიტიკაში ისედაც არასათანადოდ არის დანახული და განვითარებული, ორმაგად სუსტი და არაეფექტიანია ეთნიკური უმცირესობების თემში მათი მუშაობის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გამკაცრებულია ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა, იძულებითი ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება. საქმეების დიდ ნაწილზე გამოძიება წყდება, ბრალდებულ პირებთან კი ფორმდება საპროცესო შეთანხმება. ამ მანკიერი და მჩაგვრელობითი სოციალური პრაქტიკის დასაძლევად მიღებული, სისტემური პრევენციული ზომები, რომელიც იძულებითი ქორწინებისა და სხვა გენდერული ძალადობის პრაქტიკის სტრუქტურულ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მიზეზებს დაუპირისპირდება, კვლავ სუსტი და ფრაგმენტული რჩება. სისტემაში კრიტიკულად დაბალია პოლიციის, სოციალური დაცვისა და განათლების სისტემებში რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” მოუწოდებს საქართველოს შნაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას:

  • 14 წლის აითაჯ შახმიროვას საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიქტური გამოძიება;

  • მომხდარი მკვლელობის მიღმა გამოკვეთილი სავარაუდო დანაშაულების, მათ შორის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით გამოძიების დაწყება და ამ ეპიზოდებში ყველა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის დროული იდენტიფიცირება;

  • იმ სახელმწიფო უწყებების გამოვლენა, რომელთაც აითაჯ შახმიროვას მიმართ არსებული ძალადობის ფაქტებზე უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების განხორციელება. მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლოს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ადგილობრივი პოლიციის მოქმედებები;

  • ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პოლიციის მუშაობის, განსაკუთრებით, ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში მისი მუშაობის ეფექტიანობის შეფასება და დაიწყოს ძირეულ ცვლილებებზე მიმართული რეფორმები, რომელიც უპასუხებს

    – ბავშვთა ქორწინებისა და გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს;

    – არსებითად გაზრდის რელევანტური საპოლიციო, სოციალური და განათლების უწყებების ეფექტიან და კოორდინირებულ მუშაობას ძალადობისა და გოგონათა და ქალთა ჩაგვრის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებით.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში წარმოადგენენ გამოძიების მიმდინარეობის სრულყოფილ შეფასებას.