14 წლის აითაჯის გამტაცებელ კაცს ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა 

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, საგარეჯოში 14 წლის გოგოს, აითაჯის, მკვლელობის საქმეზე მის გამტაცებელს ბრალი გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს, ქორწინების იძულების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდული ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ბავშვმა გაპარვა მოახერა, მაგრამ ოჯახის წევრებმა უკან დააბრუნეს.

ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა.

6 ოქტომბერს ბრალდებულმა, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს, არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე დაიღუპა.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ „თ“ და „კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა.

გარდა ამისა, 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედას და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე აქვთ წარდგენილი.