14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი პედოფილიისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე 45 წლის კაცი დააკავეს

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით,  14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, დუშეთში რაიონში მცხოვრები 45 წლის კაცი დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებული FB-ის ყალბი გვერდებით არასრულწლოვან ბავშვებს უკავშირდებოდა, მათ არასრულწლოვანის სახელით ეცნობოდა და მათგან გაშიშვლებასა და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა“, – წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულის ტელეფონში ნანახეს სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც კაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნახეს პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.