1400 ახალი შემთხვევა სწორედ ანტიგენით ტესტირებით დადასტურდა | გაბუნია და გამყრელიძე ტესტირებაზე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გაფართოებული ტესტირების შესახებ ისაუბრეს.

ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ შაბათ-კვირასაც შესაძლებელი იყოს ამბულატორიებში ტესტირება.

„ამ ორი თვის განმავლობაში, როცა ქვეყანაში იმოქმედებს ეს შემზღუდავი ღონისძიებები, პარალელურად მაქსიმალური ხელმისაწვდომობა უნდა იყოს და ადამიანები ნაკლებად უნდა იდგნენ რიგში ტესტირებისთვის, უფრო ადვილად ჩაიტარონ ეს ტესტირება.

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ და დღეს საკოორდინაციო საბჭოზეც იქნა განხილული, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონში, შაბათ-კვირასაც შესაძლებელი იყოს ტესტირების გაკეთება. ეს მოწოდება იყო და დღესაც მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, ამბოლატორიული დაწესებულებების თანამშრომლებს იყვნენ მორიგეები, რომ ადამიანებს შაბათ-კვირას შესაძლებლობა ჰქონდეთ, ხელი მიუწვდებოდეთ ტესტირებაზე. იმედია, ჩემი კოლეგები ამას გამოეხმაურებიან და შესაბამისად, მათი ხელმძღვანელებისგან იქნება კონსესუსი, რომ ამ ორი თვის განმავლობაში შაბათ-კვირას იმუშავებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ გუშინ დაიწყო გაფართოებული ტესტირება ანტიგენის ტესტებით და 1400 ახალი შემთხვევა სწორედ ანტიგენით ტესტირებით დადასტურდა. მისი თქმით, ტესტირების საერთო რაოდენობა (PCR და ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით) 17 000-მდე ავიდა. „ესაა გარკვეულწილად რეკორდული მაჩვენებელია“.

„გუშინ იყო პირველი დღე როდესაც დავიწყეთ გაფართოებული ტესტირება ანტიგენის ტესტებზე. 1400 შემთხვევა დადასტურდა სწორედ ანტიგენით ტესტირებით. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც აქვთ სიმპტომები და ტესტი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. ამ შემთხვევაში პირველი კონტაქტი არის, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმი და ოჯახის ექიმის რჩევით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს დაწესებულებას, ეს შეიძლება იყოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, საოჯახო მედიცინის ცენტრი, პოლიკლინიკა. იზრდება რაოდენობა იმ პოლიკლინიკების, ვინც ჩართულია პროგრამაში და გასწევენ ამ ტიპის სერვისს და ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა, რომ პაციენტი დარჩეს იზოლაციაში და არ გახდეს სხვების ინფიცირების წყარო.

დადასტურებული პირები უნდა დარჩნენ ბინაზე და მათ დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი, ისევე, როგორც  სხვა შემთზვევაში. სწრაფი პასუხის შემთხვევაში ადამიანს უჩნდება შეკითხვა, როგორ მოიქცეს და გუშინ ძალიან ბევრი ზარი განხორციელდა 112-ში. 112-ში არ არის საჭირო დარეკვა, ოჯახის ექიმთან დარეკვაა მნიშვნელოვანი. შეუძლია პაციენტმა თვითონ დაურეკოს ოჯახის ექიმს ან ოჯახის ექიმი შეეხმიანება დღის განმავლობაში. 112-ში უნდა დარეკოს პაციენტმა მაშინ, როდესაც არის მძიმე შემთხვევა და თვლის, რომ სჭირდება გადაუდებელი დახმარება“, – ამბობს თამარ გაბუნია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 336 ადამიანი, გარდაიცვალა 38.