„1400 დოლარი ქრთამის სახით ტყეში საკემპინგე ადგილის მოსაწყობად“ - საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს „გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს“ თანამშრომელი.

უწყების ცნობით, დაკავებულმა პირმა, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყის მასივში შესაბამისი ნებართვის გარეშე საკემპინგე ადგილის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა ფულადი თანხა 1 400 აშშ დოლარის ოდენობით.

„ბრალდებული დაკავებულ იქნა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე, ხოლო ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.