ზურაბაშვილი სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო და 7 წლით პატიმრობა განუსაზღვრა

პუბლიკა

ლევან ზურაბაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო, თუმცა ბრალი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ამის შესახებ „პუბლიკას“ მისმა ადვოკატმა განუცხადა.

მისი ცნობით, 15 ნოემბერს ზურაბაშვილის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზურაბაშვილს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტით ედებოდა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, საქმის ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ სასამართლომ ბრალი გადააკვალიფიცირა შედარებით უფრო მსუბუქ მუხლზე – სსკ-ის 143-ე მუხლის შესაბამის პუნქტზე, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და საბოლოდ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციომ დაახლოებით 1 კვირის წინ გამოაცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გეგმავენ, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ.


2020 წლის 20 ნოემბერს ლევან ზურაბაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, არანამდვილი იარაღის მუქარით გააჟღერა მოთხოვნები საბანკო პროცენტების შემცირებაზე, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასა და აზარტული თამაშების აკრძალვაზე.

ვიდეომიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა,  ლევან ზურაბაშვილი მოითხოვდა:

„აიკრძალოს ყველანაირი აზარტული თამაში. არა აქვს მნიშვნელობა, ინტერნეტსივრცეში იქნება თუ სხვაგან. ბანკებს მიეცეთ უფლება მხოლოდ 7% წლიური პროცენტი… დავიღალეთ, აღარ შეგვიძლია… ყველას, ვისაც აქვს სესხი, მთელ საქართველოს გადაუტანონ 7%-ში… ეს კრიზისი რომ არის, ხალხი უმუშევარი დარჩა, ბანკებმა შეჭამეს. სანამ პანდემია გადაივლის, მანამდე მაინც დააცადეთ… მესამე – შეამცირეთ წამლების ფასი; ფარმაცევტულ კომპანიებს მიეცეს მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებდა ის.