ენმ ასჯერ მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია „ალტ-ინფოს“ - კობახიძე

პუბლიკა

„პრორუსული პარტიები ჩვენ გვყავს, სამწუხაროდ, პარლამენტშიც. ეს არის სამწუხარო რეალობა და თუ რაიმე რეაგირება შეიძლება ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას პრორუსულ, ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიულ მოძრაობაზე“ შესაძლო რეაგირებაზე.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, „იგივე ეხება ტელევიზიებსაც“:

„არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც ახორციელებს აგრესიის პროპაგანდას, სიძულვილის პროპაგანდას, პოლარიზაციის პროპაგანდას და აქაც, სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვის დაზუსტებაზე, რომ მას საუბარი აქვს პირდაპირ რუსეთიდან დაფინანსებულ პარტიებზე, კობახიძე პასუხობს – „მე მგონი ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან“. კობახიძის თქმით, ის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ ყველა რესურსს, მათ შორის, მედიარესურსს გულისხმობს.

„ნაცმოძრაობა ბევრად უფრო მძიმეა იმიტომ, რომ ისინი მონაწილეობენ და გარკვეულ წარმატებას აღწევენ არჩევნებში. მათ აქვთ ბევრად უფრო გავლენიანი მედიარესურსები. შესაბამისად, ისინი ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია „ალტ-ინფოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ