„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“ ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში, IDFI-მ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია 2018-2020 წლებში საქართველოში პარლამენტარებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავისა და გავლილი კილომეტრაჟის შესახებ.
IDFI-ის ცნობით, პარლამენტიდან სრულყოფილად მოწოდებულმა ინფორმაციამ ორგანიზაციას საშუალება მისცა, შეესწავლა 2018-2020 წლებში პარლამენტარების მიერ საწვავის მოხმარებისა და დაფარული მანძილის მონაცემები. ამასთან, IDFI-ის კვლევის ფარგლებში გაანალიზდა პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის ცვლილების, საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გავლენა მსგავს ხარჯზე.
IDFI-ის კვლევის ძირითადი მიგნებებია:
► 2019 წელს (პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ), წინა წელთან შედარებით, დეპუტატების მიერ მოხმარებული საწვავი მხოლოდ 14%-ით შემცირდა;
► 2019 წელს ყველაზე მეტი საწვავი ილია ნაკაშიძემ (7,791 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (7,197 ლიტრი), აკაკი ზოიძემ (7,071 ლიტრი), მამუკა მდინარაძემ (7,015 ლიტრი) და ზაზა გაბუნიამ (6,771 ლიტრი) მოიხმარა. მათ მიერ მოხმარებული საწვავი აღემატება ან/და დაახლოებით იმავე ნიშნულზეა რაც 2018 წელს, როცა პარლამენტი ქუთაისში მუშაობდა.
► 2019 წელს 15 დეპუტატის შემთხვევაში, დაფარული მანძილი აღემატება 50 ათას კილომეტრს. მათ შორის ყველაზე დიდი მანძილი დაფარეს: დიმიტრი ხუნდაძე – 59 946 კილომეტრი, გიორგი ბეგაძე – 57 415 კილომეტრი, ზაზა გაბუნია – 56 420 კილომეტრი, ილია ნაკაშიძე – 55 966 კილომეტრი.
► პარლამენტარების მიერ ათვისებული საწვავის რაოდენობა ხშირ შემთხვევაში არ იცვლება იმ თვეებშიც, როცა 1-კვირიან ან უფრო ხანგრძლივ მივლინებებში იმყოფებიან საზღვარგარეთ.
► 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში (საგანგებო მდგომარეობის პერიოდი), წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, პარლამენტარების მიერ მოხმარებული საწვავის ოდენობა დაახლოებით 30%-ით (14 ათასი ლიტრით) შემცირდა;
► საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (აპრილი-მაისი) ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარა დიმიტრი ხუნდაძემ (1 128 ლიტრი), გიორგი წერეთელმა (1 119 ლიტრი), ირაკლი კოვზანაძემ (1 073 ლიტრი), მარიამ ჯაშმა (1 024 ლიტრი) და რატი იონათამიშვილმა (955 ლიტრი);
► საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სხვადასხვა დეპუტატზე განპიროვნებულმა ავტომობილებმა (მაგ. დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი წერეთელი, გოჩა ენუქიძე, ირმა ინაშვილი, რატი იონათამიშვილი) საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უფრო მეტი საწვავი მოიხმარეს, ვიდრე წინა წლის იმავე თვეებში.
კვლევას სრულად გაეცანით ბმულზე;